საზოგადოება
ახალციხე - მეორე სამშობლო
ახალციხე ტოლერანტობის სიმბოლოდ ცხრა წლის წინ იმის გამო აღიარეს, რომ ქალაქში მაცხოვრებელთა მნიშვნელოვან ნაწილს ეროვნული და რელიგიური უმცირესობა წარმოადგენდა. ეთნიკურად ქართველებისა და კომპაქტურად ჩასახლებული სომხების გარდა, სამხრეთ საქართველოში უკრაინელები, პოლონელები, ბერძნები და ებრაელები ცხოვრობდნენ. მათი რიცხვი სამცხე–ჯავახეთში თანდათან მცირდება.

ეთნიკურად მრავალფეროვან ქალაქში დღეს ხუთი ებრაელი ცხოვრობს. გასულ საუკუნეში მათი რიცხვი რომ რამდენიმე ათასი იყო, ამაზე უძველეს უბანში შემორჩენილი ორი სინაგოგა მეტყველებს. ახლა ერთი სალოცავი ავარიულია, მეორე კი დაახლოებით, 15 წელია სალოცავად წელიწადში მხოლოდ სამი თვე იხსნება.


,,ებრაული წესის მიხედვით, 10 მამაკაცი უნდა შეგროვდეს, რომ ხალხისთვის ვილოცოთ. ახლა ქალაქში ამდენი ვეღარ ვგროვდებით. ზაფხულის სამი თვეა, როცა ტურისტები ჩამოდიან და ჟივილ-ხივილია“ - გვიყვება ებრაელთა საზოგადოების თავმჯდომარე სიმონ ლევიშვილი.

სინაგოგის გარდა, ხუთი ათასამდე ებრაელის საფლავს უფლის. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ისტორიულ სამშობლოში არ ბრუნდება. სიმონ ლევიშვილი იხსენებს, რომ 1972 წლამდე ახალციხეში სამი ათასი ოჯახი ცხოვრობდა. ისინი საქართველოში 26 საუკუნის წინ, სამცხე–ჯავახეთიდან შემოვიდნენ. თუმცა პირველ ცნობებს, ქალაქში მათი ცხოვრების შესახებ, 400 წლის წინანდელი ებრაელთა სასაფლაო იძლევა. 1953 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ახალციხელ ებრაელებს ორივე სინაგოგა ჩამოართვა. სტალინის გარდაცვალებმადე ებრაელებს იქ შესვლა და ლოცვა ეკრძალებოდათ.

1954 წელს, ხრუშჩოვმა ახალციხელ ებრაელებს ძველი სინაგოგა დაუბრუნა, ახალში კი ქალაქის ბიბლიოთეკა მოაწყო. რჩეული ერის სამლოცველოს კლუბად, საბილიარდოდ და კრივის დარბაზად იყენებდნენ. მართავდნენ ფილმის ჩვენებებს. შენობა ახლა დაკეტილია, ჭერიდან წყალი ჩამოდის და ნგრევის პირასაა. ებრაელებმა ახალციხის დატოვება 1972 წლიდან დაიწყეს. სიმონ ლევიშვილის თქმით, ისინი კომუნისტურ წყობას, მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას ისტორიულ სამშობლოში გაექცნენ.

„ყველაზე დიდი სირთულე იყო, რომ 90-იან წლებში შეაწუხეს ებრაელობა და წავიდნენ. რომ არ ყოფილიყო ის პერიოდი, დარწმუნებული ვარ ნახევარზე მეტი დარჩებოდა. წლების წინ ვერ ვარჩევდით ვინ ებრაელი იყო, ვინ ქართველი და ვინ სომეხი. მაშინ ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვიყავით“, - ამბობს სიმონ ლევიშვილი.

დღეს, ღვთის რჩეული ერისგან თითქმის დაცლილ უბანში, ორი ებრაელი მამაკაცი და სამი ქალი ცხოვრობს. მათზე გაცილებით მეტია ახალციხეში მცხოვრები პოლონელების რაოდენობა. ერთ-ერთია ლალი პანიატოვსკი. წინაპრების შესახებ თითქმის არაფერი იცის.

ვარაუდობს, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ უკან არავინ დაბრუნებულა. წინაპრების მოსაძებნად მისი ძმა პოლონეთში ჩავიდა. ფესვების მიკვლევას საგვარეულოს დიდ წიგნში სამი წელი ცდილობდა, თუმცა მათი შტოს შესახებ არაფერი ეწერა.

,,ბავშვობაში ყველა ერთად ბევრს ვთამაშობდით, რელიგიური ან ეროვნული ნიშნით განსხვავება არ ვიცოდით. მგონი არც არავინ იცოდა, რომ მე პოლონელი ვიყავი, ვიღაც სომეხი იყო. ახალციხეში მცხოვრებ პოლონელებს სამშობლოსთან კავშირი დღემდე გვაქვს. საახალწლოდ ადრე სურსათს გვიგზავიდნენ, ახლა თანხას გვირიცხავენ“, - ამბობს ლალი პანიატოვსკი, რომლიც ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას არ აპირებს.

პოლონელები სამცხე-ჯავახეთში დასახლებას 1830-იანი წლებიდან იწყებენ. მათი ნაწილი სამშობლოდან მეფის წინააღმდეგ დაწყებული მოძრაობის გამო წამოვიდა. წლების მანძილზე პოლონური ენა თითქმის ყველამ მიივიწყა. ტრადიციები და წეს-ჩვეულებები, რომლებიც საქართველოში დახვდათ ისე შეისისხლოხორცეს, რომ ახლა იმის გარჩევაც უჭირთ, რომელია მათი ერისთვის დამახასიათებელი.

პოლონელების შემდეგ სამცხე-ჯავახეთში ბერძნებიც გამოჩნდნენ. ახალციხეში საცხვრებლად რაბათის უბანი და სოფელი მიქელწმინდა შეარჩიეს. ისტორიული სამშობლოდან რამდენიმე ეროვნული დღესასწაული, ენა და კულტურა ჩამოიტანეს. ბერძნული ენის უძველეს, „პონტოურ დიალექტს“ ბერძენი ბავშვები ახალციხეში დღემდე სწავლობენ.

„ბერძნები არც სახლებს და არც მოქალაქეობას არ ტოვებენ. დღეს საბერძნეთში სახლობენ, მაგრამ მუდმივი კავშირი აქვთ ახალციხესთან და ხშირად ჩამოდიან. ფუძის მოშლა არ უნდათ“, - ამბობს ბერძენთა კავშირის თავმჯდომარე, რომლის წინაპარმაც პონტოს სამეფოდან ახალციხეში ჩამოსვლა ამჯობინა.

ბერძნების ნაწილი სამცხე-ჯავახეთიდან ისტორიულ სამშობლოში მას შემდეგ დაბრუნდა, როცა საქართველოში ეკონომიკური და სოციალური ფონი გაუარესდა. მაშინ საბერძნეთმა არა მხოლოდ ბერძნები, არამედ ეთნიკურად ქართველი ემოგრანტებიც შეიფარა. ახლა მესხეთში დაახლოებით, 150 შერეული - ბერძნულ-ქართული და ბერძნულ-სომხური ოჯახი ცხოვრობს.

ტოლერანტობის სიმბოლოდ აღიარებულ ქალაქში შერეული ოჯახები ხშირად იქმნებოდა. მანია ტატალოვა იხსენებს, რომ მას შემდეგ რაც ძმამ ეთნიკურად სომეხი გოგო შეირთო, თავადაც გადაწყვიტა, რომ ცოლად სომეხი ეროვნების მამაკაცს გაჰყოლოდა.

,,რაბათში ბევრი სომეხი ცხოვრობდა. მაშინ ყველას ძალიან გვიჭირდა. ბავშვებს ოღონდ საჭმელი გვენახა, განსხვავებისთვის დრო ვის ჰქონდა. მდინარეზე ერთად დავდიოდით და წყალს რომ დავინახავდით, ვყვიროდით ჯურ, ჯურ რაც სომხურად წყალს ნიშნავს. ასე ვსწავლობდით ენებს“, - იხსნებს მანია ტატალოვა.

რაბათი სამცხე-ჯავახეთში ერთადერთი ადგილია, სადაც ერთმანეთის გვერდით ქართველები, სომხები, უკრაინელები, პოლონელები, ებრალები, ბერძნები და რუსები ცხოვრობდნენ. ახლა, მათი უმრავლესობა საქართველოდან წასულია, თუმცა ქვეყანასთან კავშირს მაინც არ წყვეტენ და მეორე სამშობლოდ ქცეულ სამცხე-ჯავახეთს პერიოდულად სტუმრობენ.
| Print |