საზოგადოება
როგორ დაიკლო ჯაბა ნათენაძემ 8 თვეში 50 კილო და როგორ ინარჩუნებს დღემდე იდეალურ წონას?
მას შემდეგ, როცა 2016 წელს ჯაბა ნათენაძემ თავისი წონის მაქსიმუმს, 120 კილოგრამს მიაღწია, ვერც ერთი სამოსი ვერ მოირგო და ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, გადაწყვიტა ზედმეტი კილოგრამები ნებისმიერ ფასად დაეკლო.

8 თვის განმავლობაში მან შეძლო და 50 კილოგრამის დაკლება მოახერხა, შედეგად კი უამრავი ადამიანისა და გადაცემის ყურადღების ქვეშ მოექცა. ჯაბას მიღწევა განსაკუთრებით იმიტომ იყო საყურადღებო, რომ მან იდეალურ ფორმაში ჩადგომა, შიმშილის (რაც დამახასიათებელია დიეტის უმეტესი შემთხვევისთვის) გარეშე, ჯანსაღი ცხოვრების წესით - ვარჯიშით, სწორი კვებითა და წყლის სწორად სმით შეძლო.

„ზოგადად, ფიზიკური აქტივობის და დიეტების მიმართ, როგორც ფუმფულა ადამიანების უმეტესობა, ძალიან ზარმაცი ვიყავი. ამიტომ 29 წლის განმავლობაში, დასაკლებად არც ერთ მათგანს არ განვიხილავდი. მეგობარმა მირჩია წყლის სმის დარეგულირება - ჭამამდე 30 წუთით ადრე. თავდაპირველად ნიჰილისტურად შევხედე ამ საქმეს, თუმცა, ვიფიქრე, რომ ცდადღირდა, ბოლოს და ბოლოს წყალი იყო. ზუსტად ერთ თვეში (ან ოდნავ მეტში) აშკარა სიმსუბუქე ვიგრძენი. მივხვდი,  რომ ჩემმა ორგანიზმმა პოზიტიური ცვლილებები დაიწყო, რამაც, მოტივაცია გამიჩინა, უფრო მეტი მემოძრავა და ამ ყველაფრისთვის ცოტა ფიზიკური აქტივობებიც დამემატებინა, ანუ კი არ ვვარჯიშობდი, უბრალოდ, უფრო მეტს ვმოძრაობდი”- იხსენებს ჯაბა.

- რა პროდუქტები გამორიცხეთ რაციონიდან?

- ერთადერთი, რაზეც უარი ვთქვი, იყო მაიონეზი და გაზიანი სასმელები, სხვა საჭმელები კი რაოდენობაში შევამცირე. მარტო წყლით და ჭამით არ დამიკლია. ამას დავუმატე სწრაფი ნაბიჯებით ყოველდღე სიარული. ჯერ 3 კმ-ით დავიწყე, დროთა განმავლობაში კი დღეში 8 კმ-ს გავდიოდი. ახლა სპორტდარბაზში დაახლოებით 3 საათის განმავლობაში ვვარჯიშობ.


მიღებული შედეგით გამოწვეული სიამოვნება, მოტივაცია, იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ჯაბამ გადაწყვიტა სოციალური ქსელში საკუთარი გვერდი ჯაბაი/Jabai -50KG გაეკეთებინა და ადამიანებს, რომლებსაც მსგავსი პრობლემა აწუხებთ, დახმარებოდა. არის დღეები, როდესაც ჯაბა, დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, დღის განმავლობაში 200-ზე მეტ შეტყობინებას პასუხობს და ადამიანებს, რომელბსაც ჭარბი წონა აწუხებთ, უანგაროდ ეხმარება.

მას შემდეგ რაც ჯაბამ სხეულის იდეალურ პროპორციებს მიაღწია, 3 წელი გავიდა. მას შემდეგ აღარ მოუმატია. ეს ყველაფერი კი მხოლოდ ცხოვრების ჯანსაღი ცხოვრების წესით - ვარჯიშით და წყლის სწორად სმით მოახერხა.

| Print |