საზოგადოება
,,მსოფლიო დაბერდა“ - ამის შესახებ „TV9NEWS.GE-ს“ ვაჟა ლორთქიფანიძემ განუცხადა
ისტორიაში პირველად, დედამიწაზე მოხუცების რაოდენობამ ბავშვების რაოდენობას გადააჭარბა.

მსოფლიო დაბერების პროცესი მეოცე საუკუნიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. დემოგრაფების აზრით, საქართველოში ეს მაჩვენებელი 14 %-ია, მაშინ როცა მსოფლიოში ნორმა მხოლოდ ამის ნახევარია. რა მდგომარეობაა საქართველოში ერის დაბერების პროცესის შესახებ მეცხრე არხთან საქართველოს დემოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტი ვაჟა ლორთქიფანიძე.

რა არის მსოფლიოს დაბერების მიზეზი?

დაბერების მიზეზი სიცოცხლის საშუალო ასაკის გახანგრძლივებაა. დღევანდელი მონაცემებით, გაზრდილია 65 წელს ზემოთ მცხოვრებთა რაოდენობა. თუ ადრე საშუალო ასაკად 50-60 წელი ითვლებოდა, არის ქვეყნები, სადაც ეს რიცხვი 80 წლამდე გაიზარდა. საშუალო ასაკი გაზრდილია საქართველოშიც და დღეისათვის ეს ციფრი 73-74 წელს შეადგენს. ერის დაბერების მეორე მიზეზი მკვეთრად შემცირებული შობადობაა, განსაკუთრებით განვითარებულ ქვეყნებში. დაბერების ტენდენცია მუშახელის შემცირებას იწვევს. აუცილებელია მინიმუმ არსებული მაჩვენებლის შენარჩუნება.

როგორ შევინარჩუნოთ არსებული მაჩვენებელი?

სოციალური დაცულობის დონე რომ შენარჩუნდეს, სამი გზა არსებობს:

ა) გაიზარდოს შობადობა
ბ) მოხდეს ისეთი უცხო ქვეყნიდან მოსახლეობის შემოყვანა, სადაც მათი ჭარბი რაოდენობაა. ასეთი ქვეყნები კი მხოლოდ აფრიკასა და აზიაშია.
გ) ოჯახების სოციალური დაცულობის უზრუნველყოფა, ამისთვის აუცილებელია გადასახადების გაზრდა, რაც სამწუხაროდ ისევ მოსახლეობას დააწვება.


როგორ ფიქრობთ, რა არის გამოსავალი?

საქართველოში, დემოგრაფიული პოლიტიკა იმისკენ უნდა მივმართოთ, რომ შობადობა გაიზარდოს. 2016 წელს პარლამენტმა დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფცია დაადგინა, რომლის მთავარი მიზანი შობადობის გაზრდაა, რასაც სახელმწიფოსგან დიდი ძალისხმევა სჭირდება.
გაერო მოსახლეობას ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით ორ ნაწილად ჰყოფს - 65 წლიდან ზემოთ და 0-დან 14 წლამდე. იმ შემთხვევაში, თუ 65 წელს ზემოთ ადამიანთა რაოდენობა მთელ მოსახლეობასთან შეფარდებით 4%-ია, მაშინ მოსახლეობა ახალგაზრდაა, 4-7% შორის თუ მერყეობს, მაშინ დაბერების ზღვარზე იმყოფება, ხოლო თუ 7%-ს აჭარბებს მოსახლეობა დაბერებულია. საქართველოს დემოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტი ვაჟა ლორთქიფანიძე ამბობს, რომ დღეს მსოფლიოში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 8.1%-ია.

| Print |