საზოგადოება
ახალციხეში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ეფექტიანობაზე იმსჯელეს (ვიდეო)
NDI-მ ახალციხეში პროექტის საჯარო განხილვა გამართა.

შეხვედრაზე ახალციხის მუნიციპალიტეტში მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ეფექტიანობაზე იმსჯელეს და პროექტი „ღია და ეფექტური მმართველობისთვის“ შეაჯამეს.

ღონისძიება სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა, მას საკრებულოსა და მერიის თანამშრომლები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, სამოქალაქო სექტორი და სტუდენტები ესწრებოდნენ. აუდიტორიას კითხვები ჰქონდა, როგორ შეირჩნენ მრჩეველთა საბჭოს წევრები და რა ფუნქციები აქვს სათათბირო ორგანოს.

საბჭოს წევრები ეფექტური მუშაობისთვის დებულებაში ცვლილებების შეტანას გეგმავენ. სამომავლო გეგმებზე საბჭოს ახალარჩეულმა თავმჯდომარემ ნინო რუხაძემ ისაუბრა. ადგილობრივი ხელისუფლების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე გააკეთა აქცენტი ახალციხის მერმა. ზაზა მელიქიძემ მზაობა გამოთქვა ითანამშრომლოს საბჭოსთან და მათი რეკომენდაციები გაითვალისწინოს.

ახალციხის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ერთ-ერთი მექანიზმია. მასში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის 26 წარმომადგენელია გაწევრიანებული.

საბჭო განიხილავს მერიის მიერ მომზადებულ ბიუჯეტის პროექტს, სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტებსა და მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვან საკითებს. სათათბირო ორგანო მერს წინადადებებსა და რეკომენდაციებს შესთავაზებს.

პროექტი „ღია და ეფექტური მმართველობისთვის“ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა“, NDI-ის(ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი) და NED-ის (ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის) მხარდაჭერით განახორციელა.

| Print |