საზოგადოება
რატომ უნდა ითევზაოთ?
თუკი სამცხე-ჯავახეთის წყლებში თევზაობას გადაწყვეტთ, იცოდეთ, რომ ახლა მხოლოდ შამაიას შეხვდებით.

მისი წონა გაზაფხულზე 40-50 გრამს იწონის, ხოლო ზაფხულობით 500 გრამამდე აღწევს. შამაია მდინარე მტკვარსა და ფოცხოვს, მდორე წყალში მოჰყვება. ახალქალაქის მდინარე ფარავანში ხშირია - მურწა, მტკვრის წყალს კი ხრამული, ნაფოტა და ციმორა მოყვება. მიუხედავად ამისა, გახშირებული თევზაობის გამო, მდინარეში თევზების რაოდენობა შემცირებულია.

,,გართობის მიზნით თითქმის ყოველდღე თევზაობენ, ამიტომ თევზები აღარ არის წყალში. წყლის ამღვრევას ველოდებით, რომ თევზი მომრავლდეს“ - ამბობს მონადირეთა კავშირის თავმჯდომარე.


ნუგზარ ზედგინიძე ამბობს, რომ თევზების სხვადასხვა სახეობა - ციმორა, მურწა და ნაფოტა მაისის შემდეგ გამრავლდება.  ქვირითობის, ანუ გამრავლების პერიოდი 15 მაისიდან დაიწყება და 1 აგვისტომდე გაგრძელდება. თევზაობა ნებადართულია წელიწადის ნებისმიერ დროს ანკესის ერთი ნემსკავით.

თევზი გაზაფხულზე ჭიაზე მოდის. ზაფხულში კი ჭიაყელასა და კალიასაც მოყვება.

,,თუ თევზაობას დაიწყებთ, შეიძლება სახლში ყველაფერს თავი დაანებოთ. ისეთი აზარტული და მიმზიდველია, რომ ჩათრევა იცის“ - ამბობს ნუგზარ ზედგინიძე.

თუ ტბაზე წასვლას და იქ თევზაობას გადაწყვეტთ, სინთეთიკური ჭიაყელას წაღება არ დაგავიწყდეთ, რადგან ტბის თევზების - სქელშუბლასა და კარპის მოსატყუებლად დაგეხმარებათ. ,,ჩვენს წყალში როცა ტოფობის, ანუ ქვირითის განაყოფიერების პერიოდი დაიწყება შეიძლება ყველანაირი თევზიც შეგხვდეთ“ - გვეუბნება მონადირეთა კავშირის თავმჯდომარე ნუგზარ ზედგინიძე.

მონადირეთა კავშირის თავმჯდომარე გირჩევთ თევზაობისას თან იქონიოთ:

  1. შესაბამისი სათევზაო ტანსაცმელი
  2. სათევზაო სკამი
  3. თევზის დასადები
  4. კარგი ნემსკავი
,,პირველ ეტაპზე პრაქტიკის გავლა კარგი იქნება მასთან, ვინც უკვე დიდი ხანია თევზაობს, დანარჩენს თავადაც მიხვდება პრაქტიკის დროს“ - ამბობს ნუგზარ ზედგინიძე. მონადირეთა კავშირის თავმჯდომარის თქმით, აუცილებელია თევზაობისას მდინარის ნაპირის დასუფთავებული ნაწილი შევარჩიოთ. ,,უბედურებაა, რომ დაბინძურება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. მდინარეების ნაპირზე ყველგან პლასტმასის ბოთლებია“.

| Print |