საზოგადოება
პირველი აფთიაქარი ახალციხიდან

თბილისში, ქართული მედიცინის მუზეუმში, სამცხე-ჯავახეთის პირველი პროვიზორის პორტრეტია განთავსებული. სორბონის უნივერსიტეტის მსმენელი, აფთიაქარი იოანე მაისურაძე, წარმოშობით ახალციხიდან იყო.

 

რაბათში, საკუთარი ხელით აშენებული საცხოვრებელი სახლის ნახევარი გადააკეთა, სამედიცინო ინვენტარი შეიტანა და სამხრეთ საქართველოში პირველი აფთიაქი გახსნა. ჰყიდდა წამლებს, თავისივე ხელით დამზადებულ მალამოებს და სამკურნალო მცენარეებს.

იოანე მაისურაძემ გადაწყვეტილება, რომ აფთიაქი მშობლიურ მესხეთშიც გაეხსნა, სოლოლაკში, პროვიზორ კარლ შმიდტის აფთიაქში მუშაობისას მიიღო. კავკასიის მეფისნაცვლის მთავარ სამმართველოში ლიცენზიის მოსაპოვებლად განცხადება შეიტანა. 1865 წელს, შმიდტის რეკომენდაციისა და მოსკოვის სამპერატორო უნივერსიტეტის დიპლომის წარდგენით, ნებართვა მოიპოვა.

მოგვიანებით, მანვე დააარსა სააფთიაქო განყოფილება დაბა აბასთუმანში. 1867 წელს ცოდნის გასაღრმავებლად ის საფრანგეთში, სორბონის უნივერსიტეტში გაემგზავრა, მაგრამ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული სირთულეების გამო ერთ წელიწადში დაბრუნდა და სიცოცხლის ბოლომდე აქ მოღვაწეობდა.

წლების მანძილზე თანამშრომლობდა ჟურნალ „ცისკართან“, იყო რამდენიმე მოთხრობის ავტორი. XIX საუკუნის მეორე ნახევარში, ახალციხის მაზრის ეკლესიებში ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა აიკრძალა. ადგილობრივი ინტელიგენციის თხოვნით, იოანე მაისურაძემ 1864 წელს საკუთარი თანხებით გამოსცა 307-გვერდიანი ლოცვათა კრებული ქართულ ენაზე.


რეგიონის პირველი ფარმაცევტის საქმიანობის შესახებ, მის მშობლიურ ქალაქში მოსახლეობამ ბევრი არაფერი იცის.



სააფთიაქო საქმიანობის გარდა, მესხეთის პირველ პროვიზორს სხვა მიზნებიც ამოძრავებდა. მან ახალციხეში, სადაც ახლა თამარ მეფის ძეგლი დგას, 1878 წელს ლიმონათის პირველი ქარხანა აამუშავა. საწარმოს პროდუქციამ 1902 და 1913 წლებში, საერთაშორისო გამოფენებზე, ოქროს მედლები დაიმსახურა. ახალციხის ლიმონათის ქარხანას ჰქონდა ფილიალები თბილისსა და ქუთაისშიც, სადაც ახალგაზრდობაში მიტრო ლაღიძეც მუშაობდა.

„ახალციხეში, დღევანდელი უნივერსიტეტის ტერიტორია ბაბუაჩემის იყო, იმ ადგილებს ადრე „ფანტაზიას“ ვეძახდით. სწორედ მანდ ჰქონდა იოანეს გაშენებული ქართულ-ევროპული ვაზის ჯიშები და ხეხილის ბაღები, რომლის ნერგებიც საფრანგეთიდან ჰქონდა ჩამოტანილი“,- გვიყვება იოანე მაისურაძის ძმის შვილიშვილი თენგიზ მაისურაძე, რომელიც თავადაც აფთიაქარია.


"მწვანე აფთიაქის" დამფუძნებელი თამაზ მაისურაძე

იოანე მაისურაძე სამხრეთ საქართველოში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელიც იყო. იგი ორგანიზაციაში ყოველწლიურად სამ მანეთს რიცხავდა.

პროვიზორს ცოლ-შვილი არასოდეს ჰყოლია. იგი 1886 წელს, 5 2 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქონება თავის ძმისშვილებს დაუტოვა. მისი შთამომავლებიდან ანტონმა და იოსებმაც ბიძის გზა გააგრძელეს და ხარკოვის უნივერსიტეტში უმაღლესი ფარმაცევტული განათლება მიიღეს. იოსებმა ბიძის დაარსებული აფთიაქი რაბათიდან ქალაქის ცენტრში გადმოიტანა.


შენობა, სადაც იოსებ მაისურაძემ აფთიაქი გადმოიტანა

პირველი ქართველი პროვიზორი მშობლიურ ქალაქ ახალციხეშია დაკრძალული.

 

| Print |