საზოგადოება
რას მოგვითხრობენ ახალციხის მულტიკულტურული საფლავის ქვები (ფოტორეპორტაჟი)
სააღდგომო რიტუალის ერთერთი შემადგენელი ნაწილი საფლავების მოვლა–პატრონობაა. რა განსხვავებული და საერთო ტრადიციები აქვთ ახალციხეში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნოსისა თუ რელიგიის წარმომადგენლებს, ვინ როგორ მიაგებს პატივს გარდაცვლილთა ხსოვნას და როგორ გამოხატავენ მარადიულ სამყოფელში გადასულთა პატივისცემას ნახეთ ჩვენი ფოტორეპორტაჟი.
გეორგიევსკის ტრაქტატს შეწირული ავტორის უპატიო საფლავი. ერეკლე მეორის მრჩევლის მიერ შედგენილი პირობები რუსეთმა მალევე დაარღვია, რის გამოც სოლომონ ლიონიძე ახალციხეში გადმოიხვეწა, რომელიც მაშინ ოსმალეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი იყო. ისტორიკოსების ცნობით, მარმარილოს დაფა, სადაც სოლომონ ლიონიძის შესახებ ინფორმაცია იყო დატანილი, დაკარგულია.
სასულიერო პირები – მესხი ორბელიანები თურქეთის იმპერიას ემსხვერპლნენ. ვასილი და იოსები მოსახლეობაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ. ისაკ ფაშას ბრძანებით 1806 წელს ორივე სასულიერო პირს გამაჰმადიანება მოსთხოვეს.
ახალციხელმა ორბელიანებმა უარი განაცხადეს და ისინი მე-19 საუკუნეში ქრისტიანობისთვის აწამეს. მათი ნეშტი რაბათში, წმ. მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარშია დაკრძალული.
ახალციხის სასაფლაოზე დაკრძალული არქიეპისკოპოსის საფლავი სომხური თემისთვის ერთერთი განსაკუთრებული ადგილია.
გენოციდის შემდეგ გაფანტული სომხები კარაპეტ ბაგრატუნმა გააერთიანა და ერზრუმიდან საქართველოში ჩამოიყვანა.
მიცვალებული სამხრეთ - დასავლეთით უნდა იყურებოდეს - ეს ებრაელთა დაკრძალვის წესია. სამხრეთ-დასავლეთით ყურება იერუსალიმისკენ ანუ აღთქმული ქვეყნისკენ ყურებას ნიშნავს. ახალციხეში შემორჩენილი ყველაზე ძველი სასაფლაო სწორედ ებრაელებს ეკუთვნით. ოთხსაუკუნოვან სამუდამო სამყოფელში ორენოვანი საფლავის ქვებიც ბევრია.
ებრაელთა სასაფლაოს შესასვლელის ორენოვანი წარწერა
კათოლიკური სასაფლაო, სადაც გამოჩენილი მესხი მოღვაწეებიც არიან დაკრძალული – სოლომონ ლიონიძე, ივანე და კონსტანტინე გვარამაძეები, ხარისჭირაშვილი და ა.შ.
ვინმე მესხის იგივე ივანე გვარამაძის საფლავი ახალციხის კათოლიკურ ეკლესიაში. ივანე გვარამაძე იყო წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ახალციხიდან, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე.
ახალციხეში, ე.წ. მართლმადიდებლური, კათოლიკური, სომხური და ებრაული სასაფლაოების გარდა, არსებობს შედარებით პატარა ადგილი, რომელსაც ადგილობრივები უპატრონო მიცვალებულთა სასაფლაოს სახელით იხსენიებენ. ისტორიკოსების ცნობით, აქ ძირითადად ეპიდემიის, ბრძოლის ან ახალციხეში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ადამიანები არიან დაკრძალულნი.
მუსლიმთა საფლავები უპატრონო სასაფლაოზე
რაბათის მართლმადიდებლური სასაფლაო ვერძის სიმბოლიკით
რაბათის სასაფლაოზე საფლავის ქვა 7 ნახევრწრით. ძველად, თითო წრე 10 წელს ნიშნავდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ადამიანი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ტოლერანტობის ქალაქი - ახალციხე სააღდგომოდაც მულტიკულტურული ცხოვრებით გამოირჩევა. მხოლოდ ასეთ დღეებში იხსენებს ყველა იმ უპატრონო თუ ცნობილ პიროვნებებს, რომლებსაც ბედმა ამ პატარა ქალაქში სამუდამო განსასვენებელი არგუნა.
| Print |