საზოგადოება
ქვეყნის თავდაცვისთვის დაკარგული მოტივაცია
ჯარი - აუცილებლობა კარიერისთვის, პატრიოტული სულისკვეთება, საჭიროება ქვეყნის თავდაცვისთვის თუ დამოუკიდებლობის შეზღუდვა.
13 ახალციხელი ახალგაზრდა „ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმსახური გახდა. სასულიერო პირის სტატუსი მათ მხოლოდ იმისთვის სჭირდებათ, რომ სამხედრო-სავალდებულო სამსახური თავიდან აირიდონ. ისინი პოლიტიკურ პარტია „გირჩში“ სასულიერო პირებად დაარეგისტრირეს და ახალგაზრდები ჯარიდან გათავისუფლდნენ.
„ბიბლიური თავისუფლების“ წევრი არ გამხდარა 26 წლის ვალერი ჭრელაშვილი, თუმცა ჯარიდან გათავისუფლების სხვა გზა იპოვა. ადიგნელმა მამაკაცმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეორედ, დაწყებითი განათლების ფაკულტეტზე ჩააბარა.
„ჩემთვის პატრიოტიზმი არ ნიშნავს მხოლოდ ფორმის ტარებას ან იარაღის ხელში დაჭერას. სიტყვა „სავალდებულო“ დემოკრატიულ პრინციპებს სცდება, ამიტომ ვფიქრობ, რომ ქვეყანაში ჯარი სავალდებულო არ უნდა იყოს. უნივერსიტეტში მეორედ რომ ვერ ჩამებარებინა, სხვა გზას მოვძებნიდი რომ ჯარი არ მომეხადა“,- გვიყვება ვალერი ჭრელაშვილი.
26 წლის სტუდენტისგან განსხვავებით, გივი მოდებაძე მიიჩნევს, რომ სამხედრო სამსახური ყველა ახალგაზრდის მოვალეობაა. თავად პირველ კურსზეა, ქვეყნის წინაშე ვალი უკვე მოიხადა.
„ჯარში ჩემი სურვილით წავედი, დაცვის პოლიციაში ვიმსახურე. ძალიან რთულია ღამისთევა და ეს გრაფიკი, მაგრამ ისეთ ადამიანს, რომელსაც სამშობლო უყვარს, მისი დაცვა და მთლიანობა სურს, ჯარი უფრო მეტ სულისკვეთებას მატებს. სავალდებულო სამსახური ჩემთვის ქვეყნის სიძლიერესთან ასოცირდება“,- გვიყვება გივი მოდებაძე.
სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევა ჯერ არ მიუღია გიორგი ტაბატაძეს, თუმცა ჯარის მოხდა სწავლის პარალელურად გადაწყვიტა. იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი კარანტინიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. 18 წლის გიორგი დაცვის პოლიციაში ერთი წელი იმსახურებს.
„დღევანდელ ახალგაზრდებს ჯარში წასვლა ალბათ იმიტომ არ უნდათ, რომ საკუთარი თავის დატვირთვა არ სურთ. ჩემს კურსზე მხოლოდ ორი ბიჭი ვართ, რომლებიც სწავლის პარალელურად ჯარში ვმსახურობთ. შემეძლო გადავადება 2022 წლამდე, სანამ დავამთავრებდით უნივერსიტეტს, მაგრამ მე სავალდებულოს მოხდა კარიერული წინსვლისთვის მჭირდებოდა და წავედი“,- გვეუბნება გიორგი ტაბატაძე.
სამხედრო სავალდებულო სამსახურზე უარს, სხვადასხვა გზით, სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ამბობს. საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ მდგომარეობა არასახარბიელოდ შეაფასა და გადაწყვიტა ჯარიდან თავის არიდების ერთ-ერთი, ყველაზე გავრცელებული მეთოდი კანონით შეეზღუდა. ირაკლი სესიაშვილმა საკანონომდებლო ინიციატივა შეიმუშავა. კანონპროექტის განხილვა შეჩერდა, თუმცა ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ რელიგიური ორგანიზაციების ნაწილი, მოქმედ კანონს არაკეთილსინდისიერად იყენებს.
„6 900-მა წვევამდელმა არაკეთილსინდისიერად თავი აარიდა კონსტიტუციურ ვალდებულებას. საქმე გვაქვს მიზანმიმართულ მავნებლობასთან. მესმის, რომ 21-ე საუკუნეში ახალგაზრდას არ მოსწონს სამხედრო სავალდებულო სამსახური, მაგრამ ეს არის მოცემულობა, რომ ჩვენ ქვეყანას სჭირდება. მინდა ყველამ ერთად გავიაზროთ, რომ გაწვევა არ უნდა ჩავარდეს, ქვეყნის უსაფრთხოების სისტემას საფრთხე არ უნდა შეექმნას“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
სამხედრო ექსპერტები პრობლემას სახელმწიფოს მიდგომაში ხედავენ. ვახტანგ მაისაიას არ უკვირს, რომ ახალგაზრდებს ნაკლებად უჩნდებათ სურვილი ჯარში იმსახურონ. სამხედრო მეცნიერების დოქტორის თქმით, მიზეზი რამდენიმეა.
„არასწორად ხდება სამხედრო პატრიოტული თემების პროპაგანდა. საგანმანათლებლო დაწესებულებებში არ არსებობს სპეციალური საგნები, რითაც ახალგაზრდები სამხედრო საქმიანობას შეისწავლიან. წვევამდელების სისტემა მოშლილია. ანომალიაა, რომ მათი საბრძოლო მოზადება არ ხდება. სავალდებულო სამსახურს ფორმალურად, საყარაულო რეჟიმში გადიან. ფუნქცია ფაქტიურად, არ აქვთ. ასეთ პირობებში ყველა ცდილობს თავი აარიდოს იქ მოხვედრას“, - ამბობს ვახტანგ მაისაია. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდებს სამხედრო პოლიტოლოგია უნდა შეასწავლონ, რადგან შეიარაღებულ ძალებში მსახურების მოტივაცია მხოლოდ ანაზღაურება არ იყოს.
"სამხედრო და თავდაცვის პოლიტიკის ნორმალურად დაგეგმარება არ ხდება. გაგებაში არ არიან, როგორ უნდა შექმნან თანამედროვე თავდაცვის ძალები. სანამ პროფესიონალები არ იქნებიან წამყვან პოზიციებზე, მანამდე სისტემას არაფერი არ ეშველება“, - გვითხრა ვახტანგ მაისაიამ. სამხედრო ექსპერტი ხელისუფლებას თავდაცვის სისტემის სრულ მოდერნიზებას ურჩევს. სხვა შემთხვევაში სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ეცდება სავალდებულო სამსახურისგან თავის არიდებას.
გააზიარეთ :