საზოგადოება
2 მაისს მსოფლიო ჰოლოკოსტს იხსენებს

 

დღეს, 2 მაისს ებრუელი თემი იომ ჰა’შოა - ჰოლოკოსტს იხსენებს.

 

სიტყვით “ჰოლოკოსტი” აღინიშნება 1933-1945 წლებში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლებისა და მისი მოკავშირეების მიერ ევროპის ტერიტორიაზე ებრაელების, ბოშების, საბჭოთა ტყვეების, შავკანიანი გერმანელების, პოლონელი ინტელექტუალების, იეჰოვას მოწმეების, ჰომოსექსუალების და სხვა უმცირესობების მიმართ განხორციელებული გენოციდი. ოფიციალურად მიღებული საერთაშორისო ისტორიოგრაფიის მონაცემებით, გენოციდის შედეგად დაღუპული ებრაელების რაოდენობა 6 მილიონს აჭარბებს. თუმცა მსხვერპლთა სრული სია დღემდე არ არსებობს და ვარაუდობენ, რომ ის გაცილებით მეტი უნდა იყოს.

“ჰოლოკოსტი” ბერძნული სიტყვაა და “სრულიად დაწვას” ნიშნავს.

ებრაელები ნაცისტების მიზანმიმართულ ქმედებას აღნიშნავენ ებრაული სიტყვით “შოა”, რაც “კატასტროფას” ნიშნავს და “ჰოლოკოსტზე” ბევრად უფრო კორექტულ სიტყვად არის მიჩნეული. შოას მსხვერპლად მიიჩნევიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ ნაცისტების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და განადგურებული იქნენ მასობრივი დახვრეტების ადგილებზე, ბანაკებში, გეტოებში, ციხეებში, თავშესაფრებში, ტყეებში. ამავე კატეგორიას განეკუთვნებიან ადამიანები, რომლებიც ორგანიზებული ან არაორგანიზებული წინააღმდეგობის გაწევის დროს დაიღუპნენ, ასევე – პარტიზანული მოძრაობის, იატაკქვეშა მოძრაობის, აჯანყების მონაწილეები და ადამიანები, რომლებიც თავის გადარჩენის მიზნით საზღვრების არალეგალური გადაკვეთის და გაქცევის დროს ნაცისტების და ადგილობრივი მოსახლეობის ხელით დაიღუპნენ.

“ჰოლოკოსტის ენციკლოპედიის“ თანახმად, მსხვერპლთა სია ასე გამოიყურება:

3 მილიონი პოლონელი ებრაელი;
1,2 მილიონი საბჭოთა ებრაელი;
800 ათასი ბელორუსი ებრაელი;
140 ათასი ლიტველი ებრაელი;
70 ათასი ლატვიელი ებრაელი;
560 ათასი უნგრელი ებრაელი;
280 ათასი რუმინელი ებრაელი;
140 ათასი გერმანელი ებრაელი;
100 ათასი ჰოლანდიელი ებრაელი;
80 ათასი ფრანგი ებრაელი;
80 ათასი ჩეხი ებრაელი;
70 ათასი სლოვაკი ებრაელი;
65 ათასი ბერძენი ებრაელი;
60 ათასი იუგოსლავიელი ებრაელი.

 

| Print |
თეგები: ჰოლოკოსტი /