საზოგადოება
მაღალმთიანი სოფლის ახალგაზრდები თვითმმართველობას პეტიციით მიმართავენ (ვიდეო)

 

ახალციხისა და ადიგენის მაღალმთიანი სოფლების ახალგაზრდებმა, მათ თემში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების მოთხოვნით, შვიდი პეტიცია შეადგინეს, აქედან ერთი უკვე შეიტანეს ადიგენის მუნიციპალიტეტში, ერთს კი ახალციხის საკრებულოში შესატანად ამზადებენ.

 


ახალციხისა და ადიგენის 12 სოფლის ახალგაზრდებმა პეტიციის შედგენა პროექტის - „აქტიური თემი - ღია და გამჭვირვალე მმართველობისთვის“ ფარგლებში ისწავლეს. პროექტის მიზანი, რომელსაც ასოციაცია „ტოლერანტი“ შვიდი თვის განმავლობაში ახორციელებდა, თვითმმართველობის პროცესებში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა იყო. ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოქალაქეების თანამშრომლების ფორმის ჩამოყალიბება.

ასოციაცია „ტოლერანტმა“ პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა სასტუმრო „ლომსიაში“ გამართა, სადაც პროექტის შედეგებსა და გამოვლენილ პრობლემებზე იმსჯელეს. პროექტი ადიგენის სოფლებში - ციხისუბანი, ნამინაური, ჭეჭლა, ხარჯამი, წახანი და ქიქინეთი, ასევე ახალციხის ექვს სოფელში - ანი, ჭვინთა, ელიაწმინდა, წყრუთი, მიქელწმინდა და წირა ხორციელდებოდა.

პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის, სოციალურ მუშაკთა ასოციაციისა და World Vision საქართველოს პარტნიორობით ხორციელდება.

 


| Print |