საზოგადოება
საფლავებში გაბნეული იდენტობა
საქართველოში, კულტურის ერთერთი შემადგენელი ნაწილი საფლავების მოვლა-პატრონობაა. რა განსხვავებული და საერთო ტრადიციები აქვთ ახალციხეში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნოსისა თუ რელიგიის წარმომადგენლებს, ვინ როგორ მიაგებს პატივს გარდაცვლილთა ხსოვნას და როგორ გამოხატავენ მარადიულ სამყოფელში გადასულთა პატივისცემას ნახეთ ჩვენი მასალა რაბათის ოთხი სასაფლაოდან.

გეორგიევსკის ტრაქტატს შეწირული ავტორის უპატრონო საფლავზე მხოლოდ რამდენიმე ადამიანი გადის. ერეკლე მეორის მრჩევლის მიერ შედგენილი პირობები რუსეთმა მალევე დაარღვია, რის გამოც სოლომონ ლიონიძეს ახალციხეში მოუწია გადმოხვეწა, რომელიც მაშინ ოსმალეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი იყო. 1810 წელს თავშესაფარი მეგობარ პადრე ნიკოლა ფირალიშვილთან იპოვა. თუმცა მალევე, 1811 წლის აგვისტოში, ქალაქში გავრცელებულმა შავმა ჭირმა იმსხვერპლა. ისტორიკოსი რეზო ანდღულაძე ყვება, რომ მაშინდელი საქართველოს მეორე პირის გაპატიოსნება მეგობარს მოუწია, რომელმაც მართლმადიდებელი დეკანოზის შვილი სოლომონ ლიონიძე კათოლიკური ტაძრის ეზოში, გამორჩეულ ადგილას, დაკრძალა.


თუკი სოლომონ ლიონიძე, ახალციხეში, რუსეთის იმპერიას გამოექცა, მესხი ორბელიანები თურქეთის იმპერიას ემსხვერპლნენ. მესხეთში მაჰმადიანობის გავრცელება თურქეთს ორბელიანების მსგავსი ქრისტიანების გამო უჭირდა. ვასილი და იოსები მოსახლეობაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ. ისაკ ფაშას ბრძანებით, 1806 წელს ორივე სასულიერო პირს გამაჰმადიანება მოსთხოვეს. ახალციხელმა ორბელიანებმა უარი განაცხადეს და ისინი მე-19 საუკუნეში ქრისტიანობისთვის აწამეს. მათი ნეშტი რაბათში, წმ. მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარშია დაკრძალული.

ახალციხის სასაფლაოზე დაკრძალული არქიეპისკოპოსის საფლავი სომხური თემისთვის ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილია. 1915 წლის გენოციდის შემდეგ გაფანტული სომხები არქიეპისკოპოსმა კარაპეტ ბაგრატუნმა გააერთიანა და ერზრუმიდან საქართველოში ჩამოიყვანა. წინასააღდგომოდ სასაფლაოს მოსავლელად გასული ალბერტ კირაკოსიანი მიცვალებულებს ორჯერ იხსენებს. ერთხელ თავის სომეხ წინაპრებს, ხოლო მეორედ ქართველ მეუღლეს.

მიცვალებული სამხრეთ - დასავლეთით უნდა იყურებოდეს - ეს ებრაელთა დაკრძალვის წესია. სამხრეთ-დასავლეთით ყურება კი იერუსალიმისკენ ანუ აღთქმული ქვეყნისკენ ყურებას ნიშნავს. ახალციხეში შემორჩენილი ყველაზე ძველი, 400 წლის წინანდელი სასაფლაო სწორედ ებრაელებს ეკუთვნით. ოთხსაუკუნოვან სამუდამო სამყოფელში ორენოვანი საფლავის ქვებიც ბევრია. ებრაელთა საზოგადოების თავმჯდომარე სიმონ ლევიშვილი 5 ათასზე მეტ საფლავს დარაჯთან ერთად უვლის.

ახალციხეში, ე.წ. მართლმადიდებლური, კათოლიკური, სომხური და ებრაული სასაფლაოების გარდა, არსებობს შედარებით პატარა ადგილი, რომელსაც ადგილობრივები უპატრონო მიცვალებულთა სასაფლაოს სახელით იხსენიებენ. ისტორიკოსების ცნობით, აქ ძირითადად ეპიდემიის, ბრძოლის ან ახალციხეში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ადამიანები არიან დაკრძალულნი. შესაბამისად, ამ სასაფლაოზე სხვადასხვა რელიგიისა და ეთნოსისთვის დამახასიათებელი საფლავები ერთად არის თავმოყრილი.

ტოლერანტობის ქალაქი - ახალციხე მულტიკულტურული ცხოვრებით გამოირჩევა. აქ მაცხოვრებლები, განსაკუთრებით სააღდგომო დღეებში იხსენებენ ყველა იმ უპატრონო თუ ცნობილ პიროვნებებს, რომლებსაც ბედმა ამ პატარა ქალაქში სამუდამო განსასვენებელი არგუნა.

| Print |