საზოგადოება
"უკვდავი პოლკი" - რუსული პროპაგანდის ფარული ზრახვები

9 მაისს, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მერიასთნ, „საქართველოს უკვდავი ჯარის“ მსვლელობა მოეწყობა. პრორუსული ორგანიზაციის მომხრეები ქუჩაში მეორე მსოფლიო ომში მონაწილეების ფოტოებით გამოვლენ. ამის პარალელურად, კონტრაქციას გეგმავს სამოქალაქო სექტორი.

 


„ჩემი სახლი საბჭოთა კავშირია... თითოეულისა და ყველასი - რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი...

"რისთვის იბრძოდნენ ჩვენი ბაბუები - დიადი გამარჯვების მარადიული ცეცხლის გმირები?!... მარადიული ხსოვნა საბჭოთა ჯარისკაცს,,,“ - ეს არის სიმღერის ტექსტი, რომლითაც მსვლელობის ორგანიზატორი „საქართველოს უკვდავი პოლკი“ მოქალაქეებს „ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავად“ ხუთ ქალაქში, მათ შორის ნინოწმინდასა და ახალქალქში ეპატიჟება.

მსვლელობის მიზანი, მეორე მსოფლიო ომში, საბჭოთა კავშირის ჯარისჯაცების გმირობის და გამარჯვების არდავიწყებაა.

„ჩვენი მიზანი ასეთია - საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, გავაძლიეროთ პატრიოტული თვითშეგნება, წინაპართა ბრძოლის და გმირობის დაფასება, რწმენა სხვადასხვა ეროვნებების ადამიანთა შორის მეგობრობისა და თანასწორობისა“, - ამბობს მსვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი, „ევრაზიის ინსტიტუტის“ თავმჯდომარე გულბაათ რცხილაძე.

„უკვდავი პოლკის“ მსვლელობას რომ რუსული ელფერი დაჰკრავს, ეს მისი განწყობებიდანაც ჩანს. რცხილაძე ანტიდასავლური, პრორუსული განცხადებებით გამოირჩევა. ფიქრობს, რომ საქართველო ნატო-ს წევრი არ უნდა გახდეს და გეზი “ევრაზიული კავშირისკენ” უნდა აიღოს. „ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტის“ კვლევის მიხედვით, „ევრაზიის ინსტიტუტი“ საქართველოში კრემლის პროპაგანდას ეწევა. ძირითადად, ეყრდნობა რუსულ წყაროებს.
ამის გათვალისწინებით, პრორუსულმა ორგანიზაციებმა საქართველოს უშიშროების სამსახურისგან, 9 მაისის მსვლელობაზე ოფიციალური გაფრთხილება მიიღეს. წერილში წერია, რომ მსვლელობის ორგანიზატორებმა კანონით აკრძალული საბჭოური სიმბოლიკა არ გამოიყენონ.

„შესაძლოა, გამოყენებული იქნეს „წმინდა გიორგის ბაფთა“ (ე.წ. გეორგიევსკის ბაფთა) და სხვა კომუნისტური ტოტალიტარური სიმბოლიკები. ასეთ შემთხვევაში კანონდამრღვევების მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები“, - წერია სუს-ის მიერ პრორუსულ ორგანიზაციებთან გაგზავნილ წერილში.

ვახტანგ გომელაურის უწყების მიმართვას ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა „ევრაზიის ინსტიტუტის“ თავმჯდომარე, რომელმაც გაფრთხილება ექვს მაისს მიიღო. გულბაათ რცხილაძემ სუს-ს „დასახური“ უწოდა და მოუწოდა, მის პროვოცირებას წერილებითა და გაფრთხილებებით ნუ ცდილობენ.

„აღმიძრავენ სურვილს, მათი ჯიბრით გამოვიყენო ყველაზე უფრო "ტოტალიტარული" კომუნისტური სიმბოლოები, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დროშის და ღერბის ჩათვლით! არ ვაპირებთ საზოგადოების თუნდაც ყველაზე მცირე ნაწილის გამოწვევას ე. წ. "გიორგის ბაფთებით", თუმცა ამის სრული კანონიერი და მორალური უფლება გვაქვს. მოვდივართ ჩვენი წინაპრების სურათებით, საოჯახო ალბომიდან, ასევე საქართველოდან მებრძოლი და საბჭოთა კავშირის გმირის წოდების მქონე გმირების პორტრეტებით. სიმბოლურ დატვირთვას ღებულობს გამარჯვების ავტორის, უმაღლესი მთავარსარდლის, სტალინის ერთი პორტრეტი“.

„ვებრძოლოთ სიტყვით და არა აკრძალვით“
- ამბობს იურისტი გიორგი მშვენიერაძე. არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" (GDI) თავმჯდომარე აპირებს, რომ „რუსული პოლკის“ კონტრაქციაზე მივიდეს.

„ეს მსვლელობა ჩემთვის არ არის მოსაწონი, მაგრამ განვითარებული ქვეყნები მსგავს გამოწვევებს არა აკრძალვებით, არამედ დემოკრატიული ნაბიჯებით პასუხობენ და ეს განგვასხვავებს არადემოკრატიული სახელმწიფოსგან. ჩვენ შეგვიძლია ავკრძალოთ ყველაფერი, რაც ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ ეს გზა უფრო დაგვაახლოვებს რუსეთთან და მის მსგავს ქვეყნებთან“, - განუცხადა „მეცხრე არხს“ გიორგი მშვენიერაძემ.

ჯავახეთში მსვლელობის დაგეგმვაში რუსეთის ზრახვებს ხედავს ახალციხის „მედია ანალიტიკური ცენტრის“ დირექტორი. ედუარდ აივაზიანი ამბობს, რომ საქართველოს ჩრდილოელი მეზობელი მოსახლეობაზე გავლენის მოპოვებას ფსევდოპატრიოტული ღონისძიებებით ცდილობს.

„მსვლელობა რუსული პროპაგანდის ნაწილია. ჩვენ ხალხისთვის კარგი არ არის ასეთი ღონისძიება. ცხრა მაისი ჩვენთვისაც გამარჯვების დღეა, მაგრამ სხვაგვარად აღვნიშოთ. სპეციალურად შეარჩიეს ჯავახეთი, რადგან ჰგონიათ იქ ხალხს პრორუსული განწყობა აქვს. ორგანიზატორებს უნდათ დაიძაბოს სიტუაცია“.

საქართველოში „უკვდავთა პოლკი“ ორი წლის წინ, 9 მაისს გამოჩნდა. თავდაპირველად მხოლოდ თბილისში, გორსა და ბათუმში იკრიბებოდნენ, წელს უფრო მასშტაბური ღონისძიება დაგეგმეს, შეკრება მსვლელობით ჩაანაცვლეს და გადაწყვიტეს კიდევ ორ ქალაქში - ნინოწმინდასა და ახალქალაქში გამოჩნდნენ.

| Print |