საზოგადოება
ფაშიზმზე გამარჯვების დღის რუსული სიმბოლოები

 

ყვავილები, მეორე მსოფლიო ომში მონაწილეების ფოტოები და „უკვდავი პოლკის“ დროშები - ახალქალაქში ასობით ადამიანმა მერიის შენობიდან მსოფლიო ომის მონაწილის, ვაჩაგან ვანციანის ბიუსტამდე მსვლელობა მოაწყო. „უკვდავ პოლკს“ წინ ადგილობრივი ხელისუფლება - მაჟორიტარი დეპუტატი და მუნიციპალიტეტის მერი მიუძღვოდა. მსვლელობაში ჭირდა გარჩევა, ვინ იყო და ვინ არა პრორუსული ორგანიზაცია „უკვდავი პოლკის“ მხარდამჭერი.

არმენ ფარმანიანი ახალქალაქში „უკვდავი პოლკის“ კოორდინატორი ა. რუსეთის „უკვდავ პოლკთან“ კავშირს უარყოფს. ამბობს, რომ 9 მაისი მისთვის „ბოროტებაზე და ფაშიზმზე“ გამარჯვების დღეა. მის ქალაქში მსვლელობაც თავად დაგეგმა.

„ამ მშვიდობიანი აქციით გვინდა ვაჩვენოთ, რომ ახალქალქიდანაც იყვნენ ომის მონაწილეები, უამრავი ადამიანი, რომელიც უკან ვერ დაბრუნდა. ჩვენი წინაპრები ომში წავიდნენ საქართველოს დასაცავად. მაშინ არავინ ფიქრობდა, როჯმ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა, იქნებოდა დემოკრატია და ის ატრიბუტიკაც საქართველოში კანონით აიკრძალებოდა“.

„უკვდავი პოლკის“ მიერ დაგეგმილი მსვლელობის შესახებ რამდენიმე დღით ადრე შეიტყო ახალქალაქის მერმა. იური უნანიანი მსვლელობაში პრობლემას ვერ ხედავს,

„ეს აქცია ჩვენი ვეტერანების მოგონებაა. ვფიქრობ, რომ ცუდი არ უნდა იყოს, მთავარია არ გამოიყენონ ისეთი სიმბოლოები, რომელიც ჩვენს სახელმწიფოში აკრძალულია“.

მსვლელობის ორგანიზატორს არმენ ფარმანიანს ვკითხეთ - რატომ გამოდიან „უკვდავი პოლკის“ სახელით. „ომის მონაწილეები ჩვენთვის უკვდავები არიან. ადამიანი იქამდეა ცოცხალი, სანამ მას იხსენებენ“. არმენ ფარმანიანს ეთანხმება „ჯავახეთის ინტელიგენციის გაერთიანების“ ხელმღვანელი აზატ შიპაქციანი, რომელიც ამავდროულად „უკვდავი პოლკის“ წევრიცაა.

„უკვდავი პოლკი“ ქართული ორგანიზაციაა და არა რუსული, მაგრამ დაიწყო რუსეთში და ახლა მსვლელობები ყველგან ტადება. არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი? მე არ ვიცი, პოლიტიკაში არ ვერევი. „უკვდავ პოლკზე“ ნებისმიერ კითხვაზე გიპასუხებ, მაგრამ ამ საკითხზე ვერა“.

მსვლელობა ახალქალაქში
აზატ შიპაქციანის მსგავსად, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე საუბარს გაურბიან ნინოწმინდაში, სადაც 9 მაისი უფრო პომპეზურად და გაცილებით მეტი საბჭოთა დეტალით აღნიშნეს. ნინოწმინდის მერმა ანივარდ მოსოიანმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა ენზელ მკოიანმა, მეორე მსოფლიო ომის მემორიალი ყვავილებით День Победы-ს (თავისუფლების დღე) ფონზე შეამკეს. ამ სიმღერამ ნინოწმინდაში მოგვიანებითაც გაიჟღერა. День Победы, რომელიც რუსული არმიის მარშირებისთვის ამ დრომდე გამოიყენება, ნინოწმინდის სკოლის მოსწავლეებმა მეორე მსოფლიო ომის მემორიალთან შეასრულეს. ნინოწმინდის მერი ამბობს, რომ ღონისძიების ორგანიზება მერიის კულტურის სამსახურს არ ეკუთვნოდა.

„ჩვენი ორგანიზებული მხოლოდ მსვლელობა იყო, რომელიც მემორიალთან დასრულდა. იქ რომ მივედით, დაგვხვდა ღონისძიება. სკოლის მოსწავლეები ყოველ წელს მართავენ პატარა ნომრებს“, - უთხრა „მეცხრე არხს“ ანივარდ მოსოიანმა.

სიმღერას, რომელსაც რუსული არმიის მარშირებისთვის იყენებენ, უხერხულობა არ შეუქმნის თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებისთვის. მოსწავლეების გამართულ კონცერტს ინტერესიტ ადევნებდა თვალყურს ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატიც.

„კონცერტი უბრალო ხალხის ორგანიზებულია, ამ ბავშვებს მშვიდობა უნდათ, ისინი არ ფიქრობენ, რომ ამ სიმღერაში ცუდი სიტყვებია, თვითონ აარჩიეს თუ არა, არ ვიცი. მე ხომ ორგანიზატორი არ ვარ, ვერ ავუკრძალავ ხალხს რაიმეს,“ - განაცხადა ენზელ მკოიანმა „რუსთავი 2“-თან.

„ეს არ არის სენტიმენტები საბჭოთა კავშირის მიმართ“,
- ამბობს საზოგადოებრივი ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის“ ხელმძღვანელი. გია ანდღულაძე მიიჩნევს, რომ ჯავახეთში ცხრა მაისის აღნიშვნის ფორმები იმ ინფორმაციული ვაკუუმის ბრალია, რომელშიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონები იმყოფებიან. მისი თქმით, მსვლელობაში მონაწილე ადამიანების უმეტესობა ამაში კრემლის პროპაგანდას ვერ ხედავდა.

„ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის ნაწილი ძალიან გაკვირვებული იყო, არაფერი მომხდარა წინა წლებისგან განსხვავებული და რატომ მიიღო დანარჩენმა საქართველომ ასე მძიმედო. პრობლემა იმაშია, რომ ეს ადამიანები ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ინერციას მოჰყვებიან, სახელმწიფო არ ცდილობს ჯავახეთში მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებას, ამ ადამიანებისთვის იმის განმარტებას, რატომ გამოხატავს მოსახლეობა აგრესიას საბჭოთა და რუსული სიმბოლოების მიმართ. ადამიანებს უნდა დაანახონ, რატომ არ მოსწონს დანარჩენ საქართველოს, როცა ოკუპანტის სიმღერას მღერიან. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ეს მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების გასაკეთებელი გახდა“.

„არა პუტინის მარშს“ - ამ დევიზით სამოქალაქო სექტორმა 9 მაისს „უკვდავი პოლკის“ კონტრაქცია გამართა. უკრაინის საელჩოსთან მოძრაობის – “რუსეთი ოკუპანტია” წარმომადგენლები რუსული პროპაგანდის საწინააღმდეგო ტრანსპარანტებით, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით შეიკრიბნენ. აქციის ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ პატივს სცემენ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა ბრძოლას ფაშიზმის წინააღმდეგ. მათი თქმით, აქციის მიზანი იმის ჩვენება იყო, რომ საქართველოს საზოგადოება რუსული რბილი ძალის რაიმე ფორმით მოქმედებას არ შეეგუება.

„უკვდავი პოლკი“ რომ არ გამოსულიყო სხვა ქალაქებში და მსვლელობა მხოლოდ ნინოწმინდასა და ახალქალაქში გამართულიყო, მაშინ შეიძლებოდა გვეკითხა - რა ეშლება ხელისუფლებას, რომ ასე განწყობილი ადამიანების ჯგუფი ცხოვრობს ჯავახეთში, მაგრამ როდესაც საქართველოს სხვა ქალაქებშიც იგივე ხდება, მე ვფიქრობ, რომ ჯავახეთზე აქცენტის გაკეთება კი არ უნდა მოხდეს, არამედ გადავხედოთ სადაა შეცდომა და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მომავალში უფრო ნაკლები ადამიანი იყოს ასე განწყობილი“, - ამბობს გია ანდღულაძე.

„უკვდავმა პოლკმა“ მსვლელობა ნინოწმინდასა და ახალქალაქში წელს პირველად გამართა. რუსული ორგანიზაცია, რომელსაც მხარს ვლადიმერ პუტინი უჭერს და მათ მსვლელობებშიც ერთვება, საქართველოში 2017 წელს გამოჩნდა. 9 მაისი თავდაპირველად მხოლოდ თბილისში, გორსა და ბათუმში, მოკრძალებული ღონისძიებით აღნიშნეს, წელს უფრო მასშტაბური მარში დაგეგმეს, შეკრება მსვლელობით ჩაანაცვლეს და გადაწყვიტეს კიდევ ორ ქალაქში - ნინოწმინდასა და ახალქალაქში გამოჩენილიყვნენ.

 

| Print |