საზოგადოება
მოუგვარებელი პრობლემები ბოლაჯურიდან
სასმელი და სარწყავი წყალის პრობლემა, დატბორილი რიტუალების სახლი, მოუწესრიგებელი შიდა გზები - ეს მხოლოდ ნაწილია იმ პრობლემებისა, რომელიც ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფელ ბოლაჯურის მოსახლეობას წლებია აწუხებს.

ჩვენი მთავარი პრობლემა შიდა გზები და რიტუალების სახლია. მეზობელი მეზობელთან ვერ გადის, გზების გამო სასწრაფოს მანქანა სახლამდე ვერ აღწევს. რიტუალების სახლს რაც შეეხება, შენობასთან არსებული არხიდან წყალი შედის“,- ამბობს ნაზი ზაბახიძე

სოფელში გაზრდილი უმუშევრობის გამო ახალგაზრდებში ხშირია კონფლიქტები. ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ უთანხმოება ძირითადად დაუსაქმებლობით არის გამოწვეული. შაქრო ქიმაძე შექმნილ ვითარებაზე წუხს.

„სოფელი უმუშევარია, მოსახლეს მიწას რომ მისცემ ის კი არ უნდა უთხრა უკვე დაგასაქმე და მიწას მიხედეო,ახალგაზრდები იმისთვის არიან რომ იმუშაონ, მაგრამ უსაქმურობისგან ყოველ საღამოს „ბირჟაზე“ კარტს თამაშობენ“,- გვიყვება შაქრო ქიმაძე

მოხუც მამაკაცთან შედარებით ახალაზრდა იური გაბაძე სოფელში სარწყავი სისტემის გამო შექმნილ მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„ორი კვირაა რაც სოფელს გამგებელი ყავს, სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდა, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით სარწყავ სისტემაზე, რაც დებეტის არ არსებობით არის გამოწვეული“,- ამბობს იური გაბაძე

ადიგენის მერის წარმომადგენელი ბოლჯურში ჯემალ ჩხიტუნიძე მეცხრე არხთან აცხადებს, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც სოფელს აწუხებს 2019 წლის სამოქმედო გეგმაშია გათვალისწინებული, მათგან ნაწილი მოგვარდა, ნაწილზე კი ტენდერია გამოცხადებული.

„ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოფლის პროგრამით 16 000 ლარი გამოიყო, რომლის ფარგლებშიც სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდა. ამჟამად ორი ტენდერია გამოცხადებული - სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციისა და სასმელი წყლის ძველი სისტემის გამოსაცვლელად. წყლის დებეტის გასაზრდელად მთებზე ასვლა და სამუშაოების შესრულება თოვლის გამო შეუძლებელია. როგორც კი ბუნებრივი პირობები ხელს შეგვიწყობს ავალთ და პრობლემას მოვაგვარებთ“,- ამბობს ჯემალ ჩხიტუნიძე.

ადიგენის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ინფორმაციით სოფელ ბოლაჯურში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით  ,,გამოიყო 12 ათასი ლარი, ხოლო 4 ათასი  ლარი მუნიციპალიტეტმა დაამატა, მაგრამ სამუშაოები რა პერიოდში დასრულდება ჯერ არ ვიცით“,- ამბობს ადიგენის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გოდერძი სხირტლაძე.

| Print |