საზოგადოება
ძაღლებისგან დაკბენილი მოსახლეობის გაზრდილი სტატისტიკა
მაწანწალა ძაღლებს ახალციხის ქუჩებში დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეხვდებით. მშიერი და ზოგჯერ ავადმყოფი ცხოველი, მოქალაქეებს დიდი საფრთხის წინაშე აყენებს. ქუჩაში უსაფრთხო სიარული არაერთხელ გახდა ადგილობრივების უკმაყოფილების მიზეზი.

რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებ ლარისა ეგიანს, ძაღლმა რამდენიმე დღის წინ უკბინა. მაწანწალა ძაღლებისთვის თავის არიდების მიზნით, შუახნის ქალბატონი, სამსახურიდან სახლში დასაბრუნებელ გზას ყოველდღიურად იგრძელებს.

„მერიას მივმართე, განცხადება შევიტანე და პასუხიც მომივიდა, რომ მაწანწალა ძაღლებს თავშესაფარში გადაიყვანდნენ, იმის მერე სამი თვე გავიდა, არაფერი არ შეცვლილა“,- ამბობს ლარისა ეგიანი.

ქუჩაში მომრავლებული მაწანწალა ძაღლები ახალციხელებისთვის ერთ ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს. ,,მეცხრე არხი"–ს მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა ქუჩაში უსაფრთხოდ სიარულს მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევს.

„ძაღლმა ახალციხის ცენტრალურ პარკში, დილის 7 საათზე მიკბინა. ყოველ საღამოს ჩემი სახლის კარებთან მინიმუმ 15 ძაღლი იყრის თავს“,- გვიყვება ჰასმიკ კირაკოსიანი.

ჰასმიკ კირაკოსიანის მსგავსად მისი მეზობელი გოჰარ თორგომიანიც მაწანწალა ძაღლების პრობლემაზე წუხს.

„შვილიშვილი ქუჩაში თამაშობდა, ძაღლი თავს დაესხა და კინაღამ უკბინა, კიდევ კარგი ხალხი იქვე იყო და დაეხმარა. მოკვლა არ შეიძლებაო , მაშინ დაველოდოთ როდის შეგვჭამენ ძაღლები“,-გვიყვება გოჰარ თორგომიანი.

ერთი წლის წინ ცენტრალურ პარკში მომუშავე შუახნის ქალს, მაია მაისურაძეს ძაღლმა მარჯვენა ფეხზე უკბინა. ნაკბენი დღემდე აწუხებს და შრამის გამო ზაფხულში ტანსაცმლის შერჩევა უწევს.

„ახალციხის ცენტრალურ პარკში, ძალიან ბევრი მაწანწალა ძაღლია, შარშან ჯარისკაცს ეცა საკბენად, რომ მივხვდი ვერ იგერიებდა, ავდექი და მივეშველე. მომვარდა, ფეხზე მიკბინა,რის გამოც საავადმყოფოში სიარული და აცრების გაკეთება მომიწია. ვიყავი ქალაქის მერთან, მითხრა ძაღლებისთვის თავშესაფარი გაკეთებულია და მალე წავიყვანთო“,- გვიყვება მაია მაისურაძე.

ახალციხეში უსახლკარო ძაღლებისგან დაკბენილი ადამიანების რიცხვმა, 2018 წელს 574-ს მიაღწია.

2017 წელს კი ექიმ–რაბიოლოგებს ძაღლების მიერ დაკბენილმა 423–მა მოქალაქემ მიმართა.

რაც შეეხება 2019 წლის 1 იანვრიდან 29 მაისის ჩათვლით მონაცემებს - ძაღლების მიერ დაკბენილთა რიცხვმა 178-ს მიაღწია, მაშინ როცა შარშან ამ კონკრეტულ პერიოდში 150 შემთხვევა დაფიქსირდა.



უსახლკარო ძაღლებისგან დაკბენილი მოსახლეობის გაზრდილი რაოდენობის გამო ხელისუფლებამ მზრუნველობამოკლებული ცხოველების კასტრაცია და სტერილიზაცია 2018 წლის ნოემბრიდან დაიწყო. ამ დრომდე ძაღლების დაჭერასა და დანომვრას ჯანდაცვის აიპი და დასუფთავების სამსახური ერთობლივად უზრუნველყოფს. ცხოველების დამუშავება ქალაქ ახალციხეში, მანველიშვილის ქუჩაზე ცხელი წყლების მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.

ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფარი ახალციხის მუნიციპალიტეტში, ყოფილი საკონსერვოს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება და 5 ათას კვადრატულ მეტრს მოიცავს. მაწანწალა ძაღლებისთვის თავშესაფრის გასაკეთებელ პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. გეგმის მიხედვით შენობა 2019 წელსვე უნდა აშენდეს. სპეციალურად ამ საქმიანობისთვის შექმნილი აიპი ექვსივე მუნიციპალიტეტს მოემსახურება.

პროექტის მიხედვით, თავშესაფარი 300-მდე ცხოველზეა გათვლილი. ახალციხის მერიაში განმარტავენ, რომ მუშაობა დაწყებულია და ივნისში კომპანიის გამოსავლენად და სამუშაოების დასაწყებად ტენდერი გამოცხადდება.
| Print |