საზოგადოება
ახალციხის მერიამ არასამთავრობო ორგანიზაციას დარბაზი არ მიაქირავა

 

ა(ა)იპ "მეგობრობა და ერთობას" ახალციხის მერიამ მუსიკალური სკოლის დარბაზის მიქირავებაზე უარი იმ მიზეზით უთხრა, რომ ამისთვის საკრებულოს თანხმობა სჭირდება.

 

"ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია მოკლებულია შესაძლებლობას დაგითმოთ მუსიკალური სკოლის სააქტო დარბაზი. ვინაიდან ქონების რაიმე სახით სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით, საჭიროებს ახალციხის საკრებულოს თანხმობას. აქედან გამომდინარე, თქვენს განცხადებაში მითითებული დროის სიმცირიდან გამომდინარე, შეუძლებელია იმ პროცედურების განხორციელება, რომელიც საჭირო იქნება სამუსიკო სკოლის სააქტო დარბაზის დასათმობად", - წერია ახალციხის მერის ზაზა მელიქიძის საპასუხო წერილში, რომელიც ორგანიზატორმა ოლეგ სანდროშვილმა დაანონსებული შეხვედრის წინა დღეს, 31 მაისს მიიღო.

არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორმა თვითმმართველობას წერილობით 30 მაისს მიმართა.

"გაცნობებთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია აპირებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრას თემაზე: ორგანიზაციის საქმიანობა, მიზნები და ამოცანები, ურთიერთობების აღდგენა და გაუმჯობესება მეზობელ სახელმწიფოებთან სახალხო დიპლომატიის მეშვეობით. შეხვედრას დაესწრებიან სტუმრები მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან, თბილისიდან და სხვა ქვეყნებიდან.
სიტყვიერ შეთანხმებასთან ერთად წარმოგიდგენთ მოთხოვნას წერილობითაც.
გთხოვთ, პირველ ივნისს, 16:00-დან 19:00 საათამდე, დაგვითმოთ ახალციზის მუსიკალურის სკოლის სააქტო დარბაზი".


ახალციხის საკრებულოში ამბობენ, რომ დარბაზის გაქირავებას საკრებულოს ნებართვა არ სჭირდება. მსგავს საკითხზე წარმომადგენლობით ორგანოს არასოდეს უმსჯელია.

"მსჯელობა რად უნდა? საკრებულო არ სჭირდება ამას. პირდაპირ მერიას შეუძლია მიაქირაოს, ან თავად აიპს, რადგან დამოუკიდებელია", - გვითხრა საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძემ.

უარის მიზეზის ახალციხის მერიაში დილიდან ვარკვევთ. მერის მოადგილე გურამ მელიქიძემ გვითხრა, რომ საქმის კურსში არ არის. ახალციხის მერი კი ტელეფონზე არ გაგვესაუბრა. ზაზა მელიქიძემ გვითხრა, რომ ფოკაშია და კითხვებზე ვერ გვიპასუხებს.

მერიის უარის შემდეგ, ორგანიზაციამ მოსახლეობასთან შეკრება ქალაქის ცენტრალურ პარკში გადაწყვიტა.

"მეგობრობა და ერთობა" დირექტორის თქმით, მათი მიზანი, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დალაგებაა.

 


| Print |