საზოგადოება
სომეხ პროფესორს საქართველოში დარჩენის ნება არ მისცეს
აშოტ მელქონიანს, რომელიც სომხეთის ეროვნული აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორია, საქართველოში შემოსვლის ნება არ მისცეს. სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „კარწახზე“ უარის მიზეზად განუმარტეს, რომ მან საქართველოში შემოსვლის მიზეზი ვერ დაასაბუთა.

აშოტ მელქონიანმა უარის შემდეგ კომენტარი საინფორმაციო სააგენტო jnews.ge-სთან გააკეთა.

"არანაირი პოლიტიკური განცხადება არ გამიკეთებია. პირიქით, მე ვამტკიცებდი და ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ორ ქრისტიანულ ქვეყანას შორის, ძმური ურთიერთობის გარეშე არსებობა შეუძლებელია".

შსს-ში ამბობენ, რომ აშოტ მელქონიანმა მხოლოდ ტრანზიტული მგზავრის სტატუსით გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი.

„სომხეთის მოქალაქეს, რომელიც თურქეთიდან საქართველოში შემოდიოდა, ქვეყანაში დარჩენაზე უარი ეთქვა საქართველოს კანონის “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” მე-11 მუხლის “თ” ქვეპუნქტის საფუძველზე. თუმცა აღნიშნულმა მოქალაქემ ტრანზიტული მგზავრის სტატუსით გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და იმავე დღეს გაემგზავრა სომხეთის მიმართულებით“, - აცხადებენ შსს-ში.

მელქონიანი ახალქალაქში დაიბადა და გაიზარდა. განათლება ერევანში მიიღო და იქვე განაგრძო სამეცნიერო საქმიანობა. მისი ერთ-ერთი დისერტაცია ეხება ჯავახეთის თემას, სადაც ის ამტკიცებს, რომ რეგიონი სომხეთის ნაწილი იყო და საქართველოს შემადგენლობაში მხოლოდ XI-XII საუკუნეებში გადავიდა.

„წიგნში ვამტკიცებ, რომ ეს ტერიტორია ძველ დროში ისტორიული სომხეთის ნაწილი იყო. მხოლოდ ცოტა ხნით - XI-XII საუკუნეში იგი გახდა საქართველოს სამეფოს ნაწილი. ქართული ისტორიოგრაფია მიიჩნევს, რომ სომხები ჯავახეთში გამოჩნდნენ მხოლოდ 1830 წელს დასავლეთ სომხეთისგან გადმოსახლების შემდეგ. ქართულ მხარეს უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ ჯავახეთს სამშობლოდ ვთვლით, მაგრამ ტერიტორიული პრეტენზიები არ გვაქვს. კარგად გვესმის რა შეიძლება გამოიწვიოს ამან“, - განაცხადა aniv.ru-თან ერთ-ერთ ინტერვიუში.

| Print |