საზოგადოება
ვალეში დაზიანებულ ტროტუარებს შეაკეთებენ

 

ახალციხის ქალაქ ვალეში, ერთი წლის წინ დამონტაჟებულ ტროტუარს, რომელიც უკვე დაზიანდა, მშენებელი კომპანია შეაკეთებს.

 

შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №2“-ში ამბობენ, რომ პროექტის საგარანტიო ვადა ჯერ არ ამოწურულა. კომპანიის დირექტორის თქმით, ამ კვირაში დაზიანებულ ადგილებს დაათვალიერებენ და სამუშაოებს რამდენიმე დღეში დაიწყებენ.

„როცა ვაკეთებდით მთლიანი „ლისტები“ დავაკარით, ახლა მდგომარეობამ მოითხოვა, რომ შუაზე ჩავჭრათ. სიცხის შედეგად ამობერილი ყოფილა ზევიდან გადაკრული რკინის „ლისტი“. ახლა უნდათ, რომ ეს ჩაიჭრას, რომ „ლისტი“ დაჯდეს თავის ადგილზე. ტემპერატურული ცვლილება ძალიან მოქმედებს, გაფართოვდა და ამოიბერა“, - გვითხრა ავთო კაჭკაჭაშვილმა.

ვალეში, 2018 წელს დამონტაჟებული საფეხმავლო ბილიკებისა და ტროტუარების შესახებ მასალა „მეცხრე არხმა“ ოთხ ივნისს მოამზადა. მაშინ მერიაში გვითხრეს, რომ მშენებელი კომპანია საქმის კურსში იყო და დაზიანებას აღმოფხვრიდა, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელი ამბობდა, რომ ტროტუარების შესახებ მისთვის ინფორმაცია არავის მიუწოდებია.

„თავიდანვე ვუთხარი გამგეობას, რომ ამ კონსტრუქციაზე, შედუღების ადგილებში სიცხე-სიცივე ძალიან მოქმედებს. მზეში რკინა ფართოვდება, საღამოს კი იკუმშება. ვუთხარი ყველა ვარიანტში გატეხავსთქო, იცოდნენ, მაგრამ ეს იყო მხოლოდ სიტყვიერი საუბარი“, - ამბობდა ავთო კაჭკაჭაშვილი.

 

| Print |