საზოგადოება
ვირტუალური სამყაროს თაობის გამრუდებული რეალობა ახალციხეში

 

ცხრა წლისაა, მეტყველება უჭირს. მის ლექსიკონში არ მოიძებნება სიტყვები, რომლებიც ამბის თხრობისას სჭირდება. უჭირს მეცადინეობალექსის ზეპირად სწავლა. დედა ამბობს, რომ ბავშვს თავისი ვირტუალური ცხოვრება აქვს.

 


„კომპიუტერში უყურებდა ვიდეოს, უცბად დაიყვირა და სკამიდან გადახტა, წაიქცა. რაღაცას ემალებოდა. გაგვიჭირდა დამშვიდება. ძლივს დავაბრუნეთ რეალურ ცხოვრებაში“, - გვიყვება გოგონას დედა.

ყველაფერი ჩვილობიდან დაიწყო. ერთი წლის ასაკში როცა ტიროდა, კომპიუტერთან სვამდნენ და მაშინვე ჩუმდებოდა. თანდათან გაიზარდა დრო, რომელსაც მონიტორთან ატარებდა. თავდაპირველად ოჯახი ამაში პრობლემას ვერ ხედავდა, ინტერნეტდამოკიდებულებამ თავი მოგვიანებით იჩინა. ოთხი წლის რომ იყო, გამართულად მხოლოდ რამდენიმე სიტყვას ამბობდა.

„ახლაც უჭირს ემოციების სიტყვებით გადმოცემა, თუმცა გვაგებინებს რა უნდა. ეზოში, ბავშვებთან სათამაშოდ თითქმის აღარ გადის. თუ გავიტყუებ, რამდენიმე წუთში ბეზრდება და სახლში გარბის. როცა კომპიუტერთან დაჯდომას ვუკრძალავ, ისტერიკაში ვარდება. ყვირის, ტირის იქამდე, სანამ სპაზმური ხველა არ დაეწყება და გული არ აერევა. რამდენჯერმე გალურჯდა და გადაბჟირდა“. 

გოგონა უკვე ერთი წელია ფსიქოლოგთან დაჰყავთ. 

„ძალიან ნელა მივიწევთ წინ. მთელი წლის მუშაობის შედეგი ისაა, რომ სიტყვებს შედარებით გამართულად ამბობს, სეირნობით დაინტერესდა და თუ გაერთო, სახლში დაბრუნებას მინიმუმ, ნახევარი საათი აღარ მთხოვს“.

სპეციალისტის დახმარების საჭიროებას კიდევ ერთი ბავშვის მშობელი ხედავს. ნანა (სახელი შეცვლილია) ფიქრობს, რომ მისი ექვსი წლის ბიჭის ხასიათის ცვლილება, კომპიუტერის ხანგრძლივად გამოყენებამ განაპირობა.

„თავიდანვე ვიცოდი, რომ პლანშეტთან ყოფნის დრო უნდა განმესაზღვრა. ნახევარი ან ერთი საათით ვსვამდი. სანამ მულტფილმებს უყურებდა, მე საოჯახო საქმეს ვაკეთებდი. მეგონა, რომ სიტუაციას ვაკონტროლებდი. პრობლემები სექტემბერში, პირველ კლასში დაიწყო. მასწავლებელი მეუბნებოდა, რომ გაკვეთილზე ყურადღება გაფანტული ჰქონდა. ბავშვების მიმართ აგრესიული გახდა, ურტყამდა. პლანშეტთან დაჯდომა ავუკრძალე და ამის გამო ბევრს ტიროდა, აპროტესტებდა და გაკვეთილების მომზადებაზეც უარს ამბობდა“.

გაჯეტებთან მოზარდების მიერ გატარებული დრო თანდათან უფრო საგანგაშო ხდება - ამბობენ ფსიქოლოგები. გულიკო ბექაურთან სულ უფრო იმატა იმ მშობლების რიცხვმა, რომლებიც შვილების ინტერნეტთან დამოკიდებულებაზე ჩივიან.

„მოტივაცია აქვთ ბავშვებს დაბალი და ყველაზე კარგად თავს მაშინ გრძნობენ, როცა კომპიუტერთან სხედან და თამაშობენ. ეს იმ ტიპის პრობლემაა, რომელიც საჭიროებს სერიოზულ რეკომენდაციებს და ყურადღებას. ამ დამოკიდებულებით მოზარდები ზარალდებიან ფსიქოლოგიურად. მათ სოციალური უნარები აქვთ შეზღუდული. აზრის გადმოცემა უფრო პრობლემურია, წინადადების ჩამოყალიბება უჭირთ. ისეთი სტრატეგია გვჭირდება, რომელიც ბავშვს არ დააზარალებს, არც მშობელს გაუჩენს განცდას, რომ ვერ ვშველი ჩემს ბავშვს“, - ამბობს გულიკო ბექაური.

რეკომენდაციები, რომლებიც სპეციალისტებს სტრატეგიის ჩამოყალიბებაში დაეხმარება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოსცა. ბოლო, 2019 წლის აპრილში გამოცემული დოკუმენტიდან ყველაზე დიდი აქცენტი, კომპიუტერის ფიზიკური აქტივობით ჩანაცვლებაზე კეთდება.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ყოველწლიურად ფიზიკური აქტივობის დანაკლისი ხუთ მილიონზე მეტი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება. ექსპერტები ამბობენ, რომ უმოძრაობისა და გაჯეტებით გართობის ჩვევა ადრეულ ასაკში ჩნდება, მასთან ბრძოლის დაწყება კი სწორედ ამ ასაკშია სასურველი.

„ჩვენ აუცილებლად უნდა დავუბრუნოთ ბავშვებს თამაშის ხალისი. მე ცხოვრების პასიური წესიდან აქტიურზე გადასვლასა და სრულფასოვანი ძილის შენარჩუნებაზე ვსაუბრობ“, – ამბობს ხუანა ვილუისმენი, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ბავშვების სიმსუქნისა და ფიზიკური აქტივობის საკითხებზე მუშაობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებისთვის, რეკომენდაციები გამოაქვეყნა. ისინი სამ ასაკობრივ კატეგორიად არის დაყოფილი: თორმეტ თვემდე ჩვილებისთვის, ერთიდან ორ წლამდე და სამიდან ოთხ წლამდე ბავშვებისთვის.

ერთ წლამდე ჩვილებისთვის ნებისმიერი გაჯეტის ეკრანის ყურება დაუშვებელია. ამ ასაკის ბავშვმა უნდა იძინოს და იმოძრაოს.

რეკომენდაციების მიხედვით, ერთიდან ორ წლამდე ბავშვებისთვის, არ არის რეკომენდებული ნებისმიერი სახის გაჯეტთან ჯდომა. ამ ასაკში პატარები ფიზიკურად აქტიურები დღეში მინიმუმ, სამი საათით უნდა იყვნენ.

რაც შეეხება სამი-ოთხი წლის ბავშვებს - მათთვის ნებისმიერ ეკრანთან დღეში არაუმეტეს ერთი საათის გატარებაა დასაშვები. ფიზიკური აქტივობა ამ ასაკშიც პრიორიტეტია.

„არ ვარ მომხრე რადიკალური ღონისძიების. მით უმეტეს, რომ ახალი თაობა არის ძალიან მგრძნობიარე და სუსტი ნერვული სისტემის. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება აკრძალვა. მშობლების მხრიდან ხშირად მესმის საყვედურები. ჩხუბით და ყვირილით ეს პრობლემა არ მოგვარდება. ამით თქვენ მიიღებთ ბავშვს, რომელსაც ჩამოუყალიბდება ნერვოზი და დეპრესია, რაც იმოქმედებს აკადემიურ მოსწრებაზე. ძალიან კარგი იქნება ბავშვთა ინტერესების შესწავლა. ზოგს კარგი ხატვის უნარი აქვს, ზოგს მუსიკალური ნიჭი“, - გვითხრა გულიკო ბექაურმა. ფსიქოლოგი ამბობს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები უნდა დამუშავდეს და ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემას მოერგოს.

„თავიდან თითქოს, პრობლემა არ არის, შემდეგ აღმოჩნდება, რომ ყველაფერი ერთად იჩენს თავს. სახელით რომ მივმართავ, არც მაშინ მაქცევს ყურადღებას“, - ამბობს კიდევ ერთი ბავშვის დედა, რომელიც "მომავლის პრობლემას" ფსიქოლოგის დახმარებით ებრძვის.
| Print |