საზოგადოება
ახალშენი - სამოჯახიანი სოფელი
ურავლის ხეობაში ცენტრალური გზიდან ხელმარჯვნივ უნდა გადაუხვიოთ და კიდევ ექვსი კილომეტრი გაიაროთ, თუ გინდათ, ზემო ახალშენში მოხვდეთ. გზაზე მხოლოდ ასკილის ბუჩქები და ხელუხლებელი სათიბები გვხვდება. ახალციხის სოფელში ყველა შენობა დანგრეულია, მათ შორის დიატომიტის შახტიც. აქ უწინ 40-მდე ოჯახი ცხოვრობდა, დღეს ახალშენს მხოლოდ სამი კომლი და მათი პრობლემები შემორჩა.

სოფიო ინასარიძე ზემო ახალშენის ერთ-ერთი შემორჩენილი მაცხოვრებელია. მისი მეუღლე დიატომიტის შახტში მძღოლად მუშაობდა, რის გამოც, 40 წლის ასაკში საცხოვრებლად ქალაქიდან სოფელში გადავიდა. ბებიასთან ცხოვრება მხოლოდ ერთმა შვილიშვილმა არჩია.

67 წლის ქალი მეზობელ სოფელ ანდრიაწმინდის სკოლაში ასწავლის. სამსახურში მისასვლელად, პედაგოგი ყოველ დღე 10 კილომეტრს გადის. სახლში დაბრუნებულს კი დაცლილი სოფლის სიჩუმე ხვდება.

„სოფლის მთავარი პრობლემა მიგრაციაა, არც სკოლაა და არც ბაღი. რომელი ახალგაზრდა გაჩერდება ასეთ პირობებში? მხოლოდ დასასვენებლად მოსწონთ ჩვენი სოფელი, აქ ცხოვრება არავის უნდა“,- ამბობს სოფიო ინასარიძე.

სამი ათეული წლის წინ, ზემო ახალშენში 40-მდე კომლი ცხოვრობდა. ოჯახის ყველა წევრი დიატომიტის შახტში იყო დასაქმებული. ნედლეული, რომელსაც კერამიკაში, პარფიუმერიაში, ღვინის წარმოებასა და ფარმაციაში იყენებდნენ, საბჭოთა კავშირის ქვეყნებში გაჰქონდათ. საწარმო 24 საათის განმავლობაში მუშაობდა. ახალციხიდან სოფელში ავტობუსი დღეში სამჯერ ადიოდა. სამგზავრო ტრანსპორტი ზემო ახალშენში წლებია აღარ უნახავთ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, შახტიც დაიხურა. მოსახლეობამ დასაქმების ერთადერთი შანსი დაკარგა, რის შემდეგაც სოფლიდან წასვლა გადაწყვიტეს.

„თავს მიტოვებულად ვგრძნობთ. გაზი ჩვენ არ გვაქვს, სასმელ წყალზეც პრობლემებია. საქონელს ვუვლი, ყველი ამომყავს და ბაზარში ვყიდი, ქალაქში წასასვლელად ფეხით სამი კილომეტრის გავლა მიწევს, ასე დავდივარ კვირაში სამჯერ“,- ამბობს ამალია გიორგაძე.

სოფელში შემორჩენილი სამი ოჯახის პრობლემები ამით არ სრულდება.

„სახლში ყველაფერი გასაკეთებელი მაქვს, იატაკი გამოსაცვლელია, სახურავი გადასახურია, მაგრამ იმის გამო რომ სახლი ჩემს სახელზე არაა გაფორმებული ვერაფერს ვაკეთებ
“,- გვეუბნება რეზო ინასარიძე.

ალბათობა იმისა, რომ ერთ დღეს ზემო ახალშენი ნასოფლარად გადაიქცეს, დიდია. ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ სამოჯახიან დასახლებას საჭიროებისამებრ ეხმარებიან. სოფელს მაღალმთიანის სტატუსი აქვს.

შარშან გაკეთდა სასმელი წყლის სისტემა, საქონლის სარწყულებელი“, - გვითხრეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში.

ზემო ახალშენი იურიდიულად სოფელ ანდრიაწმინდის შემადგენლობაშია. დაცლილი სოფლის ციცაბო გზას 3 ოჯახის ექვსი წევრი ყოველ დღე სტუმრის მოლოდინით გასცქერის. მათი სურვილია, ახალშენი მოსახლეობისგან არასოდეს დაიცალოს.

| Print |