საზოგადოება
ახალციხეში სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი გაიმართება
18 ივნისს, ახალციხეში, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი გაიმართება.

ფორუმის მიზანი ადგილობრივ დონეზე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაციაა. სტუმრებს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ წარმომადგენელი თემურ ჯალიაშვილი და სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე მიესალმებიან.

ფორუმზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

წარმოდგენილი იქნება ოცი ადგილობრივი ორგანიზაცია, რომლებიც ეროვნული უმცირესობების დაცვის საკითხებზე, ფორმალური და არაფორმალური განათლების მხარდაჭერაზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და მათი ოჯახის წევრების გაძლიერებაზე, გენდერულ საკითხებსა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის მუშაობენ. ღონისძიების მიმდინარეობისას სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე გაეცნონ მათ საქმიანობებს და მიიღონ დამატებითი ინფორმაცია.

მოხალისეობის მნიშვნელობის შესახებ ასევე ისაუბრებენ სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმის მოწვეული მომხსენებლები, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა და ახალგაზრდა მწერალი თათული ღვინიანიძე.

ფორუმის მიმდინარეობისას მონაწილეები ასევე მიიღებენ ინფორმაციას ორმხრივი მოხალისეობის პლატფორმას „დროის ბანკი“ შესახებ და შეეძლებათ, მათი ინტერესების და უნარების გათვალისწინებით, ადგილზე შეარჩიონ აქტივობა, რომელშიც მოხალისოებრივად ჩაერთვებიან.


სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი ორგანიზებულია დემოკრატ მესხთა კავშირის მიერ, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში.

„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.
| Print |