საზოგადოება
წყორძა - სოფელი სკოლის და სარწყავი წყლის გარეშე

სოფელი, რომელიც შესაძლოა მალე ნასოფლარად იქცეს. წყორძაში ძირითადად, ხანშიშესული ადგილობრივები გხვდებიან, ახალგაზრდების დიდი ნაწილი საცხოვრებლად ქალაქში გადასვლას ამჯობინებს. სოფელში დარჩენილები ამბობენ, რომ მომავალი თაობა წყორძიდან რთულ პირობებს გაურბის.

ანა ცუცქირიძე დაახლოებით, სამი ათეული წლის წინ იმერეთიდან წყორძაში გათხოვდა. მაშინ სოფელი ახალგაზრდებით სავსე იყო. ანას თქმით, თემის მდგომარეობა წარსულთან შედარებით რადიკალურად შეცვლილია.

„ჩემი ჩამოსვლის პერიოდში წყორძაში 65 ოჯახი ცხოვრობდა, ახალგაზრდები სოფელს ბევრი მიზეზის გამო ტოვებენ. წყალი არ გვაქვს, რომ ჰიგიენური პირობები დავიცვათ. სკოლა და ბაღი აღარ არსებობს“, - გვიყვება ანა ცუცქირიძე.

შუახნის ქალის ნათქვამს საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგები ამყარებს, რომლის მიხედვითაც წყორძაში 2002 წელს 136, 2014 წელს კი 94 მაცხოვრებელი დაფიქსირდა. სოფელში ამბობენ, რომ მოსახლეობის რაოდენობა ბოლო ხუთ წელში კიდევ უფრო შემცირდა.

მოსახლეობის შემცირების გამო, სოფელში სკოლა და ბაღი დაიხურა. წყორძაში შემორჩენილი რამდენიმე მოსწავლე სოფელ ურავლის სკოლაში დადის. მათთან ერთად უწევს ურაველის საბავშვო ბაღში წასვლა სოფელში მცხოვრებ ერთ აღსაზრდელს. 

წყორძაში ახლა 18 ოჯახი ცხოვრობს. სასმელი წყლის გამო მეზობლებს კონფლიქტი ხშირად მოსვლიათ. იმისთვის, რომ ერთ სახლში წყალი მივიდეს, მეორემ ონკანი უნდა მოკეტოს. მოსახლეობას პრობლემები სარწყავ წყალზეც ექმნება.

„საქაჩი საათში 14 ლარი ღირს, ყანები შორს გვაქვს და სანამ წყალმა ჩააღწიოს მინიმუმ, 3 საათი სჭირდება. თუ სოფელში სარწყავი წყლის პრობლემა მოგვარდება, კარგ მოსავალს ავიღებთ, ბაზარზე გავყიდით და შემოსავალიც მოგვემატება“, - ამბობს გურამ სუდაძე.

ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, სოფელში აშენდა რიტუალების სახლი. 2014 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა სარწყავი წყლის მაგისტრალს, მოიხრეშა სოფლამდე მისასვლელი გზა.

"2019 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება იგეგმება, საპროექტო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას პროგრამით გამოყოფილი თანხა არ ეყოფოდა, ამიტომ გადაწყდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაკეთდეს", - გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.

წყორძა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელია, რომელიც ზღვის დონიდან 1 100 მ-ზე, ქალაქიდან კი 16 კმ-ში მდებარეობს. ადგილობრივებს ტრანსპორტის პრობლემაც აწუხებთ. სოფლად დარჩენილი მოსახლეობის თქმით, ახალციხეში მოსახვედრად ერთ კილომეტრს ფეხით გადიან, რათა ცენტრალურ გზამდე ჩავიდნენ და სხვა სოფლის სამარშრუტო ტაქსს გაჰყვნენ.
| Print |