საზოგადოება
სასარგებლო მტვერი
მაშინ, როცა ფიჭვისა და ნაძვის კვირტები მწიფდება, სკდება და იქიდან მტვერი იფრქვევა, კურორტი აბასთუმანი დამსვენებლების პირველ ნაკადს იღებს. წიწვოვანი ხეების ყვავილობის პერიოდში ჩამოსვლას ვიზიტორების ის ნაწილი ცდილობს, ვისაც ფილტვისა და სასუნთქი გზების პრობლემა აწუხებს.

აბასთუმანში, წიწვოვანი ხეების ყვავილობა დაახლოებით, მაისის შუიდან იწყება ივნისის შუა რიცხვებში სრულდება, თუმცა ეს ამინდზეა დამოკიდებული. ეს პერიოდი არა მხოლოდ დამსვენებლებისთვის, არამედ ადგილობრივებისთვისაც მნიშვნელოვანია. მოსახლეობა ტყეში უმწიფარ, მწვანე გირჩებს აგროვებს, მისგან კი ჯემებს, მურაბებს და მტვერს ამზადებს. აბასთუმნელები ირწმუნებიან, რომ წიწვოვანი ხის ნაყოფი სხვადასხვა დაავადებებს კურნავს.

ლია აბუსერიძე თბილისიდან აბასთუმანში საცხოვრებლად ერთი წლის წინ გადმოვიდა. გირჩის საკრეფად წელს პირველად შვილიშვილთან ერთად წავიდა. პენსიონერი ქალის თქმით, გზა რომელსაც გირჩის მოსაპოვებლად გადის, რთული და დამღლელია.

„გირჩის საკრეფად ზეკარის უღელტეხილზე დავდივართ. ფეხით ათობით კილომეტრის გავლა გვიწევს. ჩამოვიტანე გირჩები, ნაწილით მტვერი გავაკეთე, ნაწილით კი მურაბა და ჯემი“.

ლია აბუსერიძის შვილიშვილი მარიამი15 წლისაა. გირჩის მტვერს, რომელიც ბებიასთან ერთად შეაგროვა, აბასთუმნის ცენტრალურ პარკ „როშაში“ ყიდის. კლიენტი ივნისში ნაკლებია, იმედოვნებს, რომ მტვერსა და მურაბაზე მოთხოვნა, დამსვნებლების რაოდენობასთან ერთად გაიზრდება.

„გირჩის მოსატანად წელს პირველად წავედი, ვიფიქრე სახლშიც დაგვჭირდებოდა და გავყიდდი კიდეც, ოჯახს ფინანსურადაც შევეშველებოდი და ამით ხალხსაც დავეხმარებოდი“,- გვითხრა მარიამმა.

„მტვერს ბევრი ყიდულობს, ხშირად გვაქვს შეკვეთები თბილისიდან, ჩამოსვლას რომ ვერ ახერხებენ, გვირეკავენ და აქედან ვაგზავნით. დამსვენებლებმა ფიჭვის ყვავილობის დადებით მხარეებზე ბევრი იციან, ძირითადად სამკურნალოდ ყიდულობენ “,- გვიყვება ადგილობრივი ცისანა კირთაძე.

მესამე წელია აბასთუმანში დასასვენებლად „დამტვერვის“ სეზონს ირჩევს ლეილა ხარებავა. შუახნის ქალი კურორტზე მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად, ამჯერად 20 დღით ჩამოვიდა. თბილისში ყოველთვის ფიჭვის მტვერით ბრუნდება. წელს გადაწყვიტა გირჩები წაიღოს და ჯემი თავად მოამზადოს.

„წელს დამტვერვის სეზონზე ცოტა დავაგვიანეთ, ადრე დაწყებულა, თუმცა შვილიშვილს ჰაერი მაინც შევუცვალე“,- ამბობს ლეილა ხარებავა.

აბასთუმანს არ აკლია ვიზიტორები, რომლებიც კურორტზე ექიმის რეკომენდაციით მოხვდნენ. პულმონოლოგები ფიჭვნარში სეირნობას ურჩევენ მათ, ვისაც სასუნთქი სისტემის პრობლემა აქვთ. სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა მცენარის კვირტები, ფისი, წიწვები და მტვერი. მტვერს ძირითადად ბრონქიტის, ფილტვების ანთებისა და ასთმური დაავადებების სამკურნალოდ და პრევენციისთვის იყენებენ.

ბავშვები აბასთუმანში წიწვოვნი ხეების ყვავილობის სეზონზე რომ უნდა წაიყვანოთ, ამას ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრის ფტიზიატრ-პულმონოლოგიც გირჩევთ. თამაზ ჯიჯეიშვილი ამბობს, რომ მტვერი ყველა ასაკში სასარგებლოა, დადებითად მოქმედებს არა მარტო სასუნთქ სისტემაზე, არამედ კუჭ-ნაწლავის დაავადების წინააღმდეგაც.

„მთავარია ადამიანი ალერგიული არ იყოს ფიჭვის მტვერის მიმართ, სხვა უარყოფითი მხარე მას არ გააჩნია. მზა მტვერის მიღებაზე ეფექტური, დამტვერვის სეზონზე ფიჭვნარში ყოფნაა“, - ამბობს თამაზ ჯიჯეიშვილი.

მისი თქმით, გირჩისგან დამზადებული მურაბები და ჯემები, ხარშვის დროს ბუნებრივ ეფექტს კარგავენ. ფტიზიატრი მსურველებს ურჩევს, მწვანე გირჩი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარონ და თაფლთან ერთად მიიღონ. თითქმის ასეთივე რეკომენდაციაა გირჩის მტვერზე. თამაზ ჯიჯეიშვილი ამბობს, რომ 2 ჩაის კოვზს 100 გრამ თაფლში აზავებენ და ბვშვებს პურთან ერთად აჭმევენ.
| Print |