საზოგადოება
,,რეალური ძალა ხალხშია და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სამწუხაროდ ავიწყდებათ" - გურამ ჯინჭველაძე
არტურ ელოიანი ერთერთია იმ ახალციხელებს შორის, რომელმაც გავრილოვის პარლამენტში გამოსვლის ფაქტი გააპროტესტა და 20 ივნისის საღამოს თბილისის საპროტესტო აქციას შეუერთდა.

ამბობს, რომ მის სამშობლოში ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი ამდენს ვერ უნდა ბედავდეს. იგი გმობს როგორც გავრილოვის ვიზიტს, ასევე ხელისუფლების მიერ აქციის მონაწილეთა დარბევის ფაქტს.

,,გავიგეთ თუ არა მომხდარის შესახებ მე და ჩემი ოთხი მეგობარი მაშინვე დედაქალაქისკენ გავეშურეთ. ვფიქრობ, არ შეიძლება თავმოყვარე საზოგადოებამ მსგავსი ფაქტები მოითმინოს. ეს იყო საქართველოს ახალგაზრდების ბუნებრივი რეაქცია. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და თუ საჭირო გახდა რუსეთში საერთოდ აღარ წავალ" - აცხადებს მეცხრე არხთან არტურ ელოიანი.

იგი 20 ივნისიდან თბილისში იმყოფება და დანარჩენ ახალგაზრდებთან ერთად აპროტესტებს ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს.

არტურის მსგავსად, თბილისში 20 ივნისის საპროტესტო აქციის მონაწილე იყო გურამ ჯინჭველაძე. განვითარებულ მოვლენებს იგი სიბრიყვეს უწოდებს და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ამბობს, რომ აქციაზე 20-25 წლის ახალგაზრდები გამოვიდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ფაქტისთვის პოლიტიკური სარჩულის მიკერება არასწორია.

,,აქცია იყო ჯერ უნივერსიტეტის ეზოში, შემდეგ პარლამენტის შენობის წინ. როგორ შეიძლება 20-25 წლის ახალგაზრდებს პოლიტიკოსობა დავწამოთ? მათი უკურეაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის სწორი. რაც არის იმის ნიშანი, რომ ქვეყანა არჩეულ კურსს აღარ შეიცვლის. რასაც არ უნდა შეეცადნონ ვიღაცეები, ამას ვეღარ შეცვლიან.

ჩვენი დასტურია ევროპული არჩევანი. შესაბამისად, ასეთი სიბრიყვე და უმეცრება არ უნდა მომხდარიყო ხალხის არჩეულ პარლამენტში. არ შეიძლება ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა. რეალური ძალა ხალხშია და ეს სამწუხაროდ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ავიწყდებათ ხოლმე"
- ამბობს მეცხრე არხთან გურამ ჯინჭველაძე. 

20 ივნისს მოქალაქეების პროტესტი საქართველოში რუსი დეპუტატების ჩამოსვლას მოჰყვა. პარლამენტის წინ აქციის დაშლის დროს 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 80 სამართალდამცავია, 30-ზე მეტი კი ჟურნალისტი. ერთის მდგომარეობა მძიმეა, ორს კი თვალი ამოაჭრეს.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში, საქართველოში, სხვა ქვეყნების დელეგაციასთან ერთად, რუსეთის დუმის სამი დეპუტატი ჩამოვიდა.

ასამბლეის წაყვანის დროს, რუსი პოლიტიკოსი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა, რასაც ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.
| Print |