საზოგადოება
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ შეხვედრა გაიმართა

 

რა არის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და როგორია ეფექტური თანამშრომლობა ბიზნეს, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებს შორის - თემაზე სამუშაო შეხვედრა ბორჯომში გაიმართა.

დისკუსიას სამცხე-ჯავახეთის, კახეთისა და ქვემო ქართლის წამყვანი ბიზნეს კორპორაციების, სამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი არსამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


შეხვედრა, რომელიც „ბორჯომი ლიკანში“ World Vision საქართველოს ორგანიზებით გაიმართა, მიზნად ისახავდა ადგილობრივი არასამთავრო ორგანიზაციების ცნობიერების ამაღლებას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ, გამოცდილების გაზიარებასა და ეფექტური თანამშრომლობის ხელშეწყობას ბიზნეს, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებს შორის.


შეხვედრაზე მოწვეულმა სპიკერებმა მათი სოციალური პროექტები წარადგინეს და კორპორატიული სოციალური პასუხიმგებლობის წარმატებული მაგალითებიგანიხილეს.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენელმა მონაწილეებს გააცნო საქართველოში არსებული პრობონო ქსელი, სადაც ბიზნესკომპანიები თავისი ექსპერტიზის და შესაძლებლობების ფარგლებში, მოხალისეობრივად დაეხმარებიან სამოქალაქო ორგანიზაციებს.

სამუშაო შეხვედრა გაიმართა World Vision საქართველოს მიმდინარე პროექტის "ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისათვის" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციასა და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასთან ერთად. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ეფექტიანი მმართველობის, ანგარიშვალდებულების და ინკლუზიური საჯარო პოლიტიკის ფორმირებას, რომელიც მოიცავს ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე.
| Print |