საზოგადოება
სურბ სარქისი – შენარჩუნებული სომხური ტრადიცია
სურბსარქისი სომეხი ხალხის ტრადიციაა. უკვე ათეული წელია, ისინი დღესასწაულს თებერვლის თვეში აღნიშნავენ. ახალგაზრდები  და შეყვარებული წყვილები  ამ დღეს განსაკუთრებულად ემზადებიან. ტრადიციის მიხედვით, მას, ვინც მარილიან კვერს შეჭამს, სიზმარში მეორე ნახევრის ხილვა შეუძლია.   ფქვილის, ბევრი მარილისა და წყლისგან მომზადებულ ცომს, ახალგაზრდები პატარა ნაწილებად ყოფენ, წრიულ ფორმას აძლევენ და გამოსაცხობად ამზადებენ. უკვე გამომცხვარი კვერები, მარილის ოდენობის გამო,  საკმაოდ მლაშეა, თუმცა  მისი შეჭმის სპეციალური წესი არსებობს.

გამომცხვარი მარილიანი კვერები ახალგაზრდებს ეკლესიაში, საკურთხებლად მიაქვთ. საეკლესიო რიტუალის შესრულების შემდეგ კი დასაქორწინებელ ახალგაზრდებს კვერებს თავად მოძღვარი ურიგებს. სომხური სამოციქულო ეკლესია დღესასწაულს წმინდა სარქისს უკავშირებს, რომელიც  ახალგაზრდებისა და შეყვარებული წყვილების მფარველად მიიჩნევა. წმინდანი მეოთხე საუკუნეში მოღვაწეობდა, საეკლესიო ცნობებით, იგი ადამიანებს ეხმარებოდა და ქველმოქმედებას საკუთარ შვილთან ერთად ეწეოდა. სომხური ეკლესიის წინამძღვარი განმარტავს, რომ ზუსტი თარიღი, როცა დღესასწაულზე მარილიანი კვერების გამოცხობა დაიწყეს უცნობია, ოფიცილური ინფორმაციით ტრადიციას საფუძველი სომეხთა გაქრისტიანებამდე ჩაეყარა.

ევროკავშირის ერთ–ერთი ღირებულება ტრადიციების პატივისცემაა. ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, არც ქართულ  და არც საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წეს–ჩვეულებებს  საფრთხე არ ემუქრება. უფრო მეტიც, ქართული მხარე ვალდებულია, უმცირესობათა ტრადიციების განმტკიცებას ხელი შეუწყოს. მათი თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.


| Print |
თეგები: სურბ სარქისი /