საზოგადოება
ოთხმა ახალციხელმა საპატიო მოქალაქის წოდება მიიღო (ვიდეო)
ახალციხის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის ოთხი მოქალაქე დაჯილდოვდა. "ახალციხელობა 2019"-ის ფარგლებში საპატიო მოქალაქეებად სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის დირექტორი ციური ლაფაჩი, ნეკრესის მიტროპოლიტი სერგი, მესამე საჯარო სკოლის პედაგოგი მარიამ კარაპეტიანი და გაზეთ "ადგილის დედა- ახალციხეს" რედაქტორი იზოლდა წიქარიშვილი დასახელდნენ.

გამარჯვებულები 6 დასახელებული კანდიდატიდან სპეციალურმა კომისიამ შეარჩია.კომისია ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შედგებოდა.

კენჭისყრა ფარულად მიმდინარეობდა.

"საპატიო ახალციხელის" გამოვლენის ტრადიცია, რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ ოლეგ სანდროშვილმა 2013 წელს აღადგინა.

2018 წელს საპატიო ახალციხელის ტიტული, ერთ სასულიერო და ორ საერო პირს მიენიჭა.

საპატიო მოქალაქეთა სია ასე გამოიყურება:

2013წელი - კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი, გიტარისტი თემურ ყვითელაშვილი და რეჟისორი თემურ ჩხეიძე

2014 წელი - დეკანოზი სტეფანე ნადირაძე, ომარ ჯაყელი და ვახტანგ კვესელაძე

2015 წელი - ელგუჯა კოპაძე, პოეტი ვასილ კვინცხაძე და მერაბ ბერიძე

2016 წელი - თინათინ ჯაყელი, ლელა ნაროზაული და ნათელა იაძე.

2017 წელი – მძლეოსნობის სპორტული კლუბის დირექტორი ზიგმუნდ ზილბერშტეინი, სამუსიკო სკოლის დირექტორი ცისანა ახვლედიანი და ნიუქასთლების კავშირის პრეზიდენტი დევიდ ფოლკნერი  საპატიო ახალციხელის სტატუსს 2017 წლიდან ატარებენ.

2018 წელი – ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი, რეწვის ოსტატი მარიამ ჟუჟუნაძე და პედიატრი რუზანა მელიქიანი.

| Print |