საზოგადოება
ოკუპაციასთან მებრძოლი უდელი გმირები (ვიდეო)
ფორმიანი მამაკაცების გამოჩენა სოფელ უდეში უჩვეულო სულაც არ იყო. ადიგენის მუნიციპალიტეტის ეს სოფელი, თურქეთ-საქართველოს საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. აქ ამბობენ, რომ სამხედრო პირებზე თვალშეჩვეულ ბიჭებს, ჯარში წასვლა არ გასჭირვებიათ. სოფელმა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, ორი ბიჭი დაკარგა. ოკუპანტის ტყვიამ 22 წლის არტემ ბალახაშვილის და 33 წლის ალექსანდრე ზაზაშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა.

სოფელ უდის გარეუბანში ერთსართულიანი სახლი დგას. ბალახაშვილების მისაღები ოთახის კედელი ოჯახის ერთადერთი ბიჭის, არტემის სიგელებს, ფოტოებს და პირად ნივთებს უჭირავს. ჯილდოები, მედალი მხედრული მამაცობისთვის, მობილური ტელეფონი, რომლითაც დედას ომიდან ურეკავდა - ამ კუთხეში ყველაფერი კაპრალ ბალახაშვილს ეკუთვნის.

„მამი სიგარეტს ხომ არ ვიმათხოვრებ, მოდი ჯარში წავალო. ორჯერ შევუშალეთ ხელი, მესამედ აღარ დაგვიჯერა. თავისი ცხოვრების ასაწყობად იმ პირობით წავიდა, რომ ორი კაპიკი შემოეტანა, მოეწყო სახლი და მოეყვანა ცოლი. 2008 წლის სექტემბერში ქორწილს გეგმავდა“, - არტემ ბალახაშვილის მამა მისი შვილის ბოლო გეგმებს იხსენებს. 22 წლის ბიჭის მომავალი ისე არ განვითარდა, როგორც თავად გეგმავდა. 2007 წლის ნოემბრიდან ქუთაისის მესამე ბრიგადის 31 ბატალიონის შემადგენლობაში ირიცხებოდა. პარალელურად, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე, დაუსწრებელზე სწავლობდა. დიპლომი არტემის სიკვდილის შემდეგ ოჯახს გადასცეს.

რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებამდე არტემი შვებულებაში გაუშვეს. ექვს აგვისტოს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და კაპრალი სამხედრო ნაწილში გამოიძახეს.

„ჩემი მანქანით წავედით, ახალციხემდე თვითონ დაჯდა საჭესთან. სოფელში მეზობლები ეუბნებოდნენ, სად მიდიხარ ალიკა, ხომ იცი ომი იწყებაო. ეს პასუხობდა მერე რა, ერთხელ დავიბადე და ერთხელ მოვკვდებიო“, - იხსენებს გურამ ბალახაშვილი.

თერთმეტ აგვისტოს, ცხინვალის სოფელ ბროწლეთში, როცა ჯარისკაცები თავს საცხოვრებელ სახლს აფარებდნენ, რუსულმა ვერტმფრენმა კასეტური ბომბი ჩამოაგდო. 22 წლის კაპრალი არტემ ბალახაშვილი ადგილზე გარდაიცვალა. მასთან ერთად დაიღუპა სამი და მძიმედ დაიჭრა ორი მებრძოლი.

გარდაცვლილი მეომრის სახელი ადიგენის ცენტრალურ ქუჩას მიენიჭა. დაბის შესასვლელთან კი აგვისტოსდ ომში გარდაცვლილი ჯარისკაცების სახელობის მემორიალი მოეწყო.

„თუ ახალგაზრდებს არ დაანახებ, რომ წინამორბედს ვიღაც აფასებს, ხვალ ხელს არ გაანძრევენ, ომი კი არა, რაც გინდა მოხდეს“, - გვითხრა გურამ ბალახაშვილმა, რომელიც უკვე ათი წელია, მინი ფეხბურთში გარდაცვლილი შვილის სახელობის ტურნირს ატარებს. „ალიკას თასისთვის“ მიმდებარე სოფლების სკოლის მოსწავლეები იბრძვიან.

არტემ ბალახაშვილის მშობლიური სახლიდან დაახლოებით, 200 მეტრში აგვისტოს ომის მეორე გმირის ოჯახი ცხოვრობს. პროფესიით სტომატოლოგმა ალექსანდრე ზაზაშვილმა საკონტრაქტო სამსახური 2007 წელს დაიწყო. მანამდე ბედი რამდენიმე სფეროში სცადა. სტომატოლოგად სამი თვე იმუშავა, ვაჭრობაშიც მოსინჯა ძალები, თუმცა საბოლოოდ ქვეყნის სამსახურში ჩადგა.

„დედის ინსტიქტი იყო ალბათ, არ მინდოდა ჯარში წასულიყო. გული ცუდს მიგრძნობდა. ვუთხარი რა გინდა, ცხოვრება არ გაკლიათქო,მიპასუხა შეყვარებული ვარ ჯარის ტანსაცმელზეო. სავალდებულოში როცა ვიყავი კონტრაქტზე მინდოდა გაგრძელება, განცხადება დავწერე, მაგრამ უფროსობამდე არ მივიდაო“,- იხსენებს ჯარისკაცის დედა ჟუჟუნა ზაზაშვილი.

33 წლის ალექსანდრე ზაზაშვილი ცხრა აგვისტოს, ცხინვალში დაიღუპა. ტანკიდან გადმოსულს კასეტური ბომბი დაეცა. მასთან ერთად დაიჭრა რამდენიმე თანამებრძოლი.

ალექსანდრე ზაზაშვილს მეუღლე და ორი შვილი დარჩა. ნინო ზაზაშვილმა მათი ქორწილის დღეს - 26 იანვარს სამხედრო ფორმა ჩაიცვა. ის ახალციხის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრში შეიარაღების ბუღალტერია.

საპატარძლო კაბა გაიხადა და სამხედრო ფორმა ჩაიცვა, ჩემი რძალიც გმირია“, - ამბობს ჟუჟუნა ზაზაშვილი.

სამი წლის შემდეგ, 2011 წლის 30 დეკემბერს ავღანეთში, ალექსანდრე ზაზაშვილის დისშვილი დაიღუპა. ბესო ნინიაშვილი მაშინ 23 წლის იყო.

„ბესოც ისეთი შეყვარებული იყო ჯარზე, რომ ჯვარი სამხედრო ფორმით დაიწერა. როგორც წესი და ადათია, ისე ვერ ჩავაცვით ტანსაცმელი. ჯვირსწერიდან ერთ კვირაში ავღანეთში წავიდა და უკან კონტეინერით ჩამოასვენეს“, - გვიყვება ჟუჟუნა ზაზაშვილი.

ალექსანდრე ზაზაშვილს მედალი მხედრული მამაცობისთვის და ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი მიენიჭა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაბა ადიგენში სტალინის ქუჩას სახელი შეუცვალა და ის ახლა ალექსანდრე ზაზაშვილის სახელს ატარებს.

აგვისტოს ხუთდღიან ომში დაღუპული 170 სამხედრო მოსამსახურედან შვიდი სამცხე-ჯავახეთიდან იყო, აქედან სამი ადიგენიდან, მათ შორის ორი სოფელ უდიდან.


| Print |