საზოგადოება
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩასაბარებლად, მოქალაქეებს უფრო მეტი დრო ექნებათ
მოქალაქეებს მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩასაბარებლად შესაძლოა, უფრო მეტი დრო მიეცეთ. ამის შესახებ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების კანონპროექტშია აღნიშნული.
პროექტი, რომლის ავტორიც შინაგან საქმეთა სამინისტროა, პარლამენტში უკვე წარდგენილია. ცვლილებების მიხედვით, თეორიული გამოცდის მოქმედების ვადა 30 დღიდან 1 კალენდარულ წლამდე იზრდება.
„შესაბამისად, თუ არსებული რედაქციით პირს პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება 30 დღის განმავლობაში შეუძლია, წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, ეს ვადა 1 კალენდარულ წლამდე გაიზრდება და მძღოლობის კანდიდატს უფლება ექნება 1 წლის განმავლობაში ჩააბაროს პრაქტიკული გამოცდის პირველი ან/და მეორე ეტაპი ისე, რომ თავიდან არ მოუწევს თეორიული გამოცდის ჩაბარება და შესაბამისი საფასურის გადახდა (მაშინ, როცა დღეის მდგომარეობით, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ვერ ჩააბარებს პრაქტიკულ გამოცდას, მას თავიდან უწევს თეორიული გამოცდის ჩაბარება და შესაბამისი საფასურის გადახდა),“-აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო პაკეტი მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ორეატაპიანად გარდაქმნასაც გულისხმობს. კერძოდ, პირველი ეტაპი (სპეციალური მანევრები) ჩატარდება დახურულ საგამოცდო მოედანზე (როგორც ეს ამჟამადაც ხორციელდება), ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი ჩატარდება რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, წინასწარ შერჩეულ და შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ მარშრუტებზე