საზოგადოება
"დეპუტატი მირეკავდა და საათობით მელაპარაკებოდა" - ნარინე გინოსიანი
ნინოწმინდის საბავშვო ბაღების გაერთიანების ყოფილი დირექტორი ნარინე გინოსიანი ტყუილს უწოდებს განცხადებას, რომელიც ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა გაავრცელა. მასში აღნიშნულია, რომ ბაღების დირექტორი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წამოწყებულ ბინძურ კამპანიაშია ჩართული და გინოსიანს საბიუჯეტო სახსრები არამიზნობრივად აქვს გახარჯული. გინოსიანი "მეცხრე არხთან" ამბობს, რომ ენზელ მკოიანი უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს.

"დეპუტატის მხრიდან ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა. არც ერთ დოკუმენტში მსგავსი არაფერი წერია, აუდიტის დასკვნაშიც არაფერი არ აღმოჩნდა ისეთი. ყველა საკითხი გავიარეთ შესყიდვების სააგენტოშიც, მაგრამ ფასების მომატებასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამთ. ერთ წელზე მეტია ჩემი დოკუმენტები გამოძიებას აქვს და ისეთი არაფერი არ იკვეთება. 100 თანამშრომელი მყავს და ასივესთან მაქვს ხელშეკრულება დადებული. თუ რომელიმე შვებულებაში გადის, იმის ნაცვლად სხვა იღებს ხელფასს. პარტიაში არასოდეს ვყოფილვარ. ყველამ იცის, რომ ძლიან აქტიური ვარ ენჯეოში. ბევრ პროექტს ვახორციელებ"
, - ამბობს გინოსიანი. მისი თქმით, მკოიანი საერთო მეგობრის საშუალებით უკავშირდებოდა, მოგვიანებით მისი მობილურის ნომერიც გაიგო და მუდმივად ურეკავდა.

"ინტიმური შემოთავაზების ჩანაწერი არ მაქვს იმიტომ, რომ იმ დროს არ ვფიქრობდი ასეთი ადამიანი თუ იყო, რომ მერე დამმუქრებოდა. მირეკავდა და საათობით მელაპარაკებოდა. ერთხელაც შეხვედრის შემდეგ თავის კაბინეტში დამპატიჟა, რაღაცეები უნდოდა მაგრამ ვთხოვე პატივს გცემთ როგორც დეპუტატს და ისე ვიყოთ როგორც დეპუტატი და აიპის დირექტორი მეთქი".

19 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორი, ნარინე გინოსიანი და მისი ბუღალტერი ანჟელიკა ფუტულიანი პასუხისგებაში მისცა. მათ ბრალი სსკ–ს 182–ე მუხლით განსაზღვრულ დანაშაულში ედებათ, რაც მითვისებასა და გაფლანგვას გულისხმობს.
| Print |