საზოგადოება
ახალციხელი მარიამ დევნოსაძის იდეა ბრიტანეთის პროექტის ხალხის რჩეულია
"Big Idea Challenge“-ის ნაციონალური ფინალის გამარჯვებულებს შორის, 19 წლის მარიამ დევნოსაძეა. ბრიტანეთის საბჭოს მიერ გამოცხადებულ პროექტში „შემოქმედებითი ნაპერწკალი“, საკუთარი იდეა ახალციხელმა გოგომ ორ მეგობართან ერთად დაარეგისტრირა. მათი პროექტი "Virtual Tickets” ხალხის რჩეული გახდა.

„ბავშობიდან მინდოდა ხალხისთვის ღირებული პროდუქტის შექმნა. ისეთი რამ, რაც საზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯობესებას მოემსახურებოდა. ჩემს მეგობრებს სოფოს და რეზისაც მსგავსი მიზნები ამოძრავებდათ, ამიტომ დავიწყეთ ფიქრი ვირტუალური ბილეთების შესახებ“,- გვიყვება მარიამ დევნოსაძე.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა სამი მეგობრის საყვარელი
მუსიკალური ფესტივალი “Tomorrow lend“ ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში დაინიშნა. ქართველ სტუდენტებს კი მასზე დასწრების ფინანსური საშუალება არ ჰქონდათ.

ერთ საღამოს, როდესაც მეგობრები შეიკრიბნენ, გაუჩნდათ იდეა, რომ შეექმნათ ისეთი მობილური აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი სასურველ ღონისძიებაზე ბილეთს დაჯავშნიდა, 360 გრადუსიანი კამერის და 3D სათვალის დახმარებით კი სახლიდან გაუსვლელად უყურებდა კონცერტსა თუ სპორტულ შეჯიბრებას. სტუდენტები იდეას სამი თვის განმავლობაში ამუშავებდნენ, პროექტის დეტალების დასახვეწად კი ილიას უნივერსიტეტში იკრიბებოდნენ.

„ჩვენი იდეა მიზნად ისახავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, იქ სადაც კონცერტები ტარდება, სპეციალური 360 გრადუსიანი კამერების დამონტაჟებას,რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს საკუთარ ოთახში სასურველ კონცერტს დაესწროს. ამით დაზოგავენ გამგზავრების ფულს და სხვა ხარჯებს“, - გვიხსნის მარიამი.

კონკურსში „Big Idea Challenge“ შვიდი ქვეყანა მონაწილეობდა. საქართველოდან 63 განაცხადი დარეგისტრირდა. აქედან ერთი იდეა ხალხის, მეორე კი ჟიურის რჩეული გახდა. კონკურსი სამ კატეგორიაში ჩატარდა: ციფრული, შემოქმედებითი და კრეატივი. მარიამის ჯგუფი ციფრულ კატეგორიაში იყო წარმოდგენილი. სამი მეგობრის იდეა აიტვირთა სოციალურ ქსელში, მოსახლეობას საშუალება ჰქონდა მხარი დაეჭირა სასურველი იდეისთვის. საქართველოში სულ 30 000 ხმა შემოვიდა, ყველაზე მეტი მარიამის გუნდს ჰქონდა, ამიტომ ისინი ხალხის რჩეულები გახდნენ.

„აპლიკაციის შექმნა ხარჯებთანაა დაკავშირებული ამიტომ იდეას ჯერ ვერ ვაქცევთ რეალობად. პირველ რიგში, საჭიროა აპლიკაციის შექმნა, შემდეგ გრანტებზე დავრეგისტრირდებით. ასევე ვაპირებთ დავუკავშირდეთ ინვესტორებს. წინ ბევრი დაბრკოლებაა, თუმცა საბოლოოდ ხალხს ბევრ პრობლემას გადავუჭრით და მათთვის ღირებულ პროდუქტსაც შევქმნით“.

გამარჯვების შემდეგ, მარიამის გუნდს ბრიტანეთის საბჭომ 50-საათიანი სკაიპ კურსი, „მენტორინგი“ დაუფინანსა. ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ ბრიტანელი ბიზნესმენებისგან მიიღონ რჩევები, რაც მათი იდეის განხორციელებაში დაეხმარებათ.

"Virtual Tickets” მარიამის ერთადერთი იდეა არ არის. პირველი პროექტი მცირედმხედველი პირებისთვის შექმნა.

„17 წლის ვიყავი პირველ პროექტში რომ მივიღე მონაწილეობა.გარკვეულ წარმატებას იქაც მივაღწიე. აქედან მივხვდი, რომ იდეებზე ფიქრი და მათი განხორციელება შემეძლო. წინა სტარტაპიც მეგობრებთან ერთად შევქმენი, გავაკეთეთ სპეციალური მოწყობილობა, რომელიც მხედველობა დაქვეითებულ პირებს გადაადგილებაში ეხმარებოდა“.

სამ ახალგაზრდას აქვს იდეა, მაგრამ არ აქვთ პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ფინანსები. მარიამი და მისი გუნდი დახმარებას ყველა იმ პირისგან მიიღებენ, ვისაც მათი წამოწყების რეალობაში მოყვანა შეუძლია.სტუდენტებს ამისთვის სათანადო მონდომება აქვთ.

| Print |