საზოგადოება
,,ტყვიაზე კვლევის ჩატარებით ჩვენთვის არაფერი შეცვლილა" – 5 წლის ბავშვის მშობელი
სამი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ტყვიაზე ჩატარებული კვლევის შედეგები ბავშვების მშობლებმა მიიღეს. ამბობენ, რომ სამედიცინო დაწესებულებებში ზოგადი რეკომენდაციების გარდა, ვერაფერი მიიღეს. მშობლების თქმით, საქართველოში ტყვიის არასახარბიელო შედეგებისთვის ჯანდაცვის სისტემა მოუმზადებელი აღმოჩნდა.

თამარი ხუთი წლის მარიამის დედაა. ტყვიაზე ჩატარებული კვლევის პასუხით ხელში, ახალციხესა და თბილისში, რამდენიმე პედიატრს ესტუმრა. ამბობს, რომ ზოგადი რეკომენდაციები, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მისცა, არ აკმაყოფილებს. თამარი ამბობს, რომ მძიმე მეტალის მავნებლობის შესახებ სამედიცინო დაწესებულებებშიც იმდენი იცოდნენ, რამდენიც თავად. მის ხუთი წლის გოგოს სისხლში ტყვის 3.1 მკგ/დლ. აქვს.

„მარიამი თავის ასაკთან შედარებით, დაბალია. რაც პასუხი მივიღე, იმის შემდეგ ვფიქრობ, ორგანიზმში ტყვიის შემცველობის გამო ხომ არ ფერხდება სიმაღლეში ზრდა? ერთ-ერთ ჩვენებად ესეც წერია. ექიმს რომ ვუთხარი, შეიძლება კი და შეიძლება არაო. ძალიან დაბნეული ვარ რა უნდა ვქნა. ჩემს შვილს ტყვიის დონე 3.1 აქვს და მერე რაა? ზოგადი რეკომენდაციები რას მაძლევს? არ ვიცი რა გავაკეთო რომ ორგანიზმიდან მავნე ნივთიერება გამოიდევნოს, არც არავინ იცის ზუსტად“, -
წუხს ხუთი წლის ბავშვის დედა.

სამცხე-ჯავახეთში ტყვიაზე 2-7 წლის 100 ბავშვი გამოიკვლიეს, მათ შორის ხუთი წლის მარიამიც. მოზარდებიდან 32-ს სისხლში მძიმე მეტალის დონე მომატებული აღმოაჩნდა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დასავლეთ საქართველოში დაფიქსირდა. ამ მხრივ სამცხე-ჯავახეთი მეხუთე ადგილზეა და თბილისსაც უსწრებს.

მუხედავად იმისა, რომ ტყვიის უსაფრთხო ოდენობა დადგენილი არ არის და ადამიანის ორგანიზმში ამ მეტალის აღმოჩენა უკვე პრობლემაა, თამარს პედიატრმა აუხსნა, რომ მის შვილს საგანგაშო მაჩვენებელი არ აქვს. ამის მიუხედავად, მცირეწლოვანის დედას აინტერესებს, როგორ მოხვდა მძიმე მეტალი ხუთი წლის გოგოს ორგანიზმში.

„ჩემს შვილს რძის ნაწარმს ყოველ დღე ვაჭმევ, მარიამი ძირითადად, ჯანსაღი საკვებით იკვებება. ვიცავთ ჰიგიენის ნორმებს. მაშინ საიდან მოხვდა ჩემი შვილის ორგანიზმში ტყვია? იქნებ მის და-ძმასაც აქვს? განცდა მრჩება, რომ კვლევის ჩატარებით ჩვენთვის არაფერი შეცვლილა“.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ ტყვიის წყაროების დასადგენად კვლევა ტარდება, რომლის პირველადი შედეგები სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს გამოქვეყნდება. ამის შემდეგ დაიგეგმება სამომავლო ნაბიჯებიც. უწყებაში მშობლებს ამშვიდებენ, რომ ტყვიის დაბალი მაჩვენებლის შემთხვევაში, სანერვიულო არ აქვთ.

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ 16 ბავშვი, რომელთა ორგანიზმში ტყვიის შემცველობა საგანგაშო იყო (30 მკგ/დლ. და მეტი), მკურნალობის კურსს გადის.

„გამოვიკვლიეთ მათი ოჯახის წევრებიც, ზოგიერთს მაღალი ჰქონდა ტყვიის შემცველობა. ვისაც როგორი მკურნალობა სჭირდებოდა, ისე დავუნიშნეთ. ამ პროცესს სახელმწიფო აფინანსებს. ხშირ შემთხვევში, რაიმე სახის ჩარევა საჭირო არ არის. გონებრივი ჩამორჩენა ან ჯანმრთელობის სხვა სერიოზული პრობლემა გამოვლენილი არ არის იმ ბავშვებშიც კი, რომლებსაც სისხლში 30 მკგ/დლ. და მეტი ტყვია აღმოაჩნდათ. თუმცა რეკომენდებულია, ოჯახის ექიმს მიმართონ“, - გვითხრეს ჯანდაცვის სამინისტროში.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების რეკომენდაციების შესაბამისად, გარკვეული ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს, როდესაც ვენურ სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს (მიკროგრამი დეცილიტრზე). ასეთი კი სამცხე-ჯავახეთში 100-დან 32 ბავშვია.

| Print |