საზოგადოება
სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში
სექსუალურ შევიწროვებას წლების განმავლობაში თავის თავზე განიცდიდა ნინოწმინდის საბავშო ბაღების გაერთიანების უფროსი ნარინე გინოსიანი. იგი პარლამენტის წევრს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს.

„ენძელ მკოიანი მირეკავდა და საათობით მესაუბრებოდა. ერთხელ გამგეობაში ჩატარებული შეხვედრის შემდეგ თავის კაბინეტში დამპატიჟა, მომიახლოვდა, რაღაცეები უნდოდა, მე გამოვიქეცი, მანამდე ვუთხარი პატივს გცემთ, როგორც დეპუტატს და ყველაფერი ისე დავტოვოთ როგორც დეპუტატი და აიპის დირექტორი – მეთქი“,- გვიყვება ნარინე.

ინტიმური საუბრის დამადასტურებელი საბუთი არ აქვს. თუმცა არიან მოწმეები, მაგრამ მათ ნაწილს არ სურს ახსნა-განმარტების მიცემა სახელმწიფო დაწესებულებისთვის.

"ინტიმური შემოთავაზების ჩანაწერი არ მაქვს იმიტომ, რომ იმ დროს არ ვფიქრობდი ასეთი ადამიანი თუ იქნებოდა და უარის გამო დამემუქრებოდა“.

ამბობს, რომ მკოიანი სანაცვლოდ მანქანის შეცვლას, ბინის რემონტსა და საფრანგეთში დასვენებას სთავაზობდა. უარის მიღების შემდეგ დეპუტატისგან მუქარები დაიწყო. გააფრთხილა, რომ ქალის საქმეს გამოააშკარავებდა და ფულის არამიზნობრივი გამოყენების შესახებ ყველას გააგებინებდა.

ნარინე გინოსიანი უკან დახევას არ აპირებს


სექსუალური შევიწროვების მსხვერპლთა დიდი ნაწილი, სხვადასხვა მიზეზის გამო, ფაქტების დამალვას ამჯობინებს. მათ არ სურთ ოჯახი გარიონ საქმეში. გარდა ამისა დიდ როლს თამაშობს ტრადიციები და სანაცნობო წრე. თავდაპირველად ფაქტის გახმაურებას არც ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების უფროსიც არ აპირებდა, მოგვიანებით კი აზრი შეიცვალა.

„არ ვაპირებდი ამ ყველაფრის გახმაურებას, ოჯახი მყავს, ორი დიდი შვილი და არ მინდოდა ისინი ასეთ საქმეში გარეულიყვნენ. მოგვიანებით მუქარის ასრულება დაიწყო, დამაბრალა ფულის უკანონოდ მითვისება და თქვეს რომ ციხეში მომიწევდა ჩაჯდომა“,- ამბობს ნარინე.

ნარინე გინოსიანი ბრძოლის გაგრძელებას სექსუალური შევიწროვების ფაქტზე კვლავ აპირებს. დახმარებისა და სიმართლის დასადგენად არასამთავრობო ორგანიზაციებს, პროკურატურას და ადამიანის უფლებების დაცვის სხვადასხვა სამსახურებს მიმართავს.

ნაბიჯი უკვე გადავდგი, ჩემი ოჯახი ჩავრთე ამ საქმეში უკან აღარ დავიხევ. ზეწოლა იყო ჩემს შვილზეც, ვიბრძოლებ და დავიცავ საკუთარ თავს, როგორც ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე“,- ამბობს გინოსიანი.

ენზელ მკოიანი ყველა ბრალდებას უარყოფს

ნინოწმინდის დეპუტატი ენძელ მკოიანი უპასუხოდ არ ტოვებს ნარინეს ბრალდებას. ამასთან დაკავშირებით ის საჯარო განცხადებას ავრცელებს, რომ ნარინე გინოსიანის მიერ განხორციელებული ყველა ბრალდება ტყუილია. მკოიანის აზრით, ეს კამპანია მის წინააღმდეგ პოლიტიკური მიზნით წამოიწყეს.

„მინდა ვამცნო საზოგადოებას, რომ პოლიტიკური ელფერის მისაცემად, ნარინეს ჩემს წინააღმდეგ ბინძური ბრალდებების გაჟღერება ურჩიეს. მივმართავ ამ პარტიის მესვეურებს - შეწყვიტონ თავიანთ ბინძურ კამპანიაში ჩემს წინააღმდეგ ბავშვების ფულის მიმთვისებლების გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში, გავასაჯაროებ ამ ლიდერების გვარებს და ნარინე გინოსიანთან ერთად, ამ ადამიანების წინააღმდეგ სარჩელს შევიტან, ჩემი პატივისა და ღირსების შემლახველი ქმედებების გამო“, - აღნიშნულია დეპუტატის განცხადებაში.

უფლებადამცველები ნარინე გინოსიანს მხარდაჭერას უცხადებენ

ბაღების გაერთიანების სამსახურის უფროსის საქმით ქალთა უფლება დამცველი დაინტერესდა. ბაია პატარაია ნარინესთან ერთად სექსუალურ შევიწროვებასთან დაკავშირებით ომბუდსმენის აპარატის ანტიდისკრიმინაციულ დეპარტამენტში სარჩელის შეტანას აპირებს.

„ამ ეტაპზე ვმუშაობთ ომბუდსმენის აპარატში ანტიდისკრიმინაციული კანონის მიხედვით. ეს შედარებით ვრცელი პროცესია, იწერება დოკუმენტი, რომელიც ახლაც მზადების პროცესშია“,- ამბობს ბაია.

ქალთა უფლებების დამცველი პროკურატურაში სარჩელის შეტანას არ აპირებს, რადგან სექსუალური შევიწროვების შესახებ ფაქტებს პროკურატურა არ განიხილავს.

„ჩვენ ყველა მსგავს შემთხვევაზე ვახდენთ რეაგირებას, ქალებს ვთავაზობთ დახმარებას, თუმცა ეს შემთხვევა განსხვავებულია, რადგან დეპუტატის მხრიდან ხდება ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და იკვეთება ნარინეს მიმართ დევნის ნიშნები“,-გვიყვება ბაია.

ქალთა უფლებების დამცველს მსგავსი შემთხვევა სამცხე-ჯავახეთში არ ახსოვს. მიმართვიანობა არა მხოლოდ რეგიონიდან, არამედ ქვეყნის მაშტაბითაც ძალიან დაბალია. ბაია პატარაიას თქმით, მსგავსი შემთხვევები თითზე ჩამოსათვლელია, რადგან ქალების დიდი ნაწილი ასეთ შემთხვევაში დუმილს ამჯობინებს.

„დუმილის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ქალებს არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა. გარდა ამისა ეს გამბედაობასაც მოითხოვს, რადგან შემთხვევები ხდება საჯარო და ბევრს არ სურს ამაზე ღია დისკუსია გამართოს“.

სექსუალური შევიწროვების შესახებ, ქვეყანაში, ამ დრომდე კანონი არ არსებობდა, რაც ბევრ პრობლემას იწვევდა საზოგადოებაში. შესაბამისად, ვერ რეგულირდებოდა მსგავსი შემთხვევები. საზოგადოება კი ასეთ დროს ხშირად ქალს ამტყუნებს იმ მიზეზით, რომ თავად გამოიწვია მამაკაცი.

სტატისტიკა და ტაბუდადებული საკითხი

ბაია პატარაიას ინფორმაციით, ქალებს ხშირად, მორალური მხარდაჭერა, ოჯახიდანაც არ აქვთ და ხშირად ესეც შემაფერხებელი ნაწილია მათთვის. ,,ყველაფერი რაც ეხება ქალის სექსუალობას არის ტაბუირებული საკითხი, ესაა თემა, რომელზეც არასოდეს არავინ არ საუბრობს და ეს არის სერიოზული ფაქტორი ქალებისთვის“.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და გაეროს ქალთა ფონდის ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველ მეხუთე ქალს სექსუალური შევიწროება ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუცდია. დაზარალებულებს შორის 70% სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა საჯარო სივრცეში, ხოლო 10% -სამუშაო ადგილზე.
| Print |