საზოგადოება
მესხეთი ქართველ ტურისტებში პოპულარობით აღარ სარგებლობს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით კი სამცხე-ჯავახეთში ვიზიტორების რაოდენობა ბოლო რამდენიმე წელია თანდათან მცირდება. „ახალციხის ციხის“ ადმინისტრაციაში დამთვალიერებლების მზარდ რაოდენობაზე საუბრობენ, საპირისპიროს ამბობენ ტურისტულ სააგენტოებში, სადაც გვითხრეს, რომ შიდა ტურიზმში სამხრეთ საქართველო პოპულარობით აღარ სარგებლობს.

ერთ-ერთი მსხვილი ტურისტული სააგენტო Traveler.Ge, რომელიც საქართველოს რეგიონებში შიდა ტურებს აწყობს, სამცხეში ვიზიტებს თითქმის აღარ მართავს კომპანიაში ამბობენ, რომ რამდენიმე კვირაა მესხეთის მონახულების მსურველთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო.

„სვანეთი, გურია, ხევსურეთი - საქართველოს ყველა რეგიონი მოთხოვნადია, სამცხის გარდა. ყოველ კვირას ვდებ ტურს, მაგრამ ჯგუფი აღარ ივსება. ძალიან დაეტყო. გიდებთან ერთად განვიხილავდი ამ საკითხს და ვერ მივხვდით მიზეზს. რაბათი, ვარძია, აბასთუმანი და ადიგენის მხარე საეროდ მკვდარია. ბოლო რამდენიმე კვირაა ტური არ შევსებულა“, - ამბობს Traveler.Ge-ს შიდა ტურიზმის ხელმძღვანელი. ბაკურ ბოლოთაშვილის თქმით, ვიზიტორების ინტერესის საგანი სამხრეთ საქართველოში წელს უკვე ჯავახეთის დაცული ტერიტორიებია.

„მესხეთში შარშან ძალიან კარგი სეზონი იყო. ჭულე, ზარზმა, საფარა - დიდი მოთხოვნა იყო. ახლა ჯავახეთის ზეგანზე არის მოთხოვნა, აბულის მთა და ჯავახეთის ტბები. 2-3 წელია რაც ნინოწმინდა-ახალქალაქში აქტიურად დაიწყო ტურები“.

ტურისტული კომპანიისგან განსხვავებით, ვიზიტორების სტატისტიკით კმაყოფილია ახალციხის ყველაზე მონახულებადი ადგილის - „ახალციხის ციხის“ ადმინისტრაცია. კომპლექსის დირექტორი ამბობს, რომ ზაფხულში - ყველაზე აქტიურ სეზონზე, დღეში საშუალოდ, 700-დან 1 000-მდე ტურისტს მასპინძლობენ.

„შარშანდელთან შედარებით დიდი განსხვავება არ არის, თუმცა უკეთესი სტატისტიკაა. წელს მატებაა, თუმცა იანვარში, გრიპის ვირუსის დროს იყო ძალიან ჩავარდნა, ამიტომ შარშანდელ იანვართან შედარებით, ნაკლები ვიზიტორი გვყავდა. შემდეგ მოიმატა. ივნისში, აქციების დროს ასევე საკმაოდ მოიკლო. ამ ორი ჩავარდნის მიუხედავად, კვარტალურად თუ შევადარებთ, მატება გვაქვს წელს“, - ამბობს დავით ტაბატაძე. „ახალციხის ციხის“ დირექტორის თქმით, წელს ვიზიტორები ჰოლანდიიდან გააქტიურდნენ. ლიდერობს გერმანია, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ესპანეთი და რუსეთი.

„მაგალითად, ექვს აგვისტოს ახალციხის ციხეს 410 საქართველოს მოქალაქე და 392 უცხოელი ვიზიტორი ეწვია“.

2016 წელს ახალციხის ციხემ 137 633 ვიზიტორი მიიღო, 2017 წელს – 141 591, 2018-ში კი – 152 752 დამთავლიერებელს უმასპინძლა. ეს ციფრები მოხვდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებში, რომლის მიხედვითაც 2019 წლის ივლისში, გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, საქართველოში 5.8%-ით მეტი ტურისტი ჩამოვიდა.

რუსეთიდან ფრენების აკრძალვის მიუხედავად, ამ ქვეყნიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა საერთაშორისო ვიზიტორების ჩამონათვალში მეორე პოზიციაზეა. გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში 10 794 ნაკლები რუსი ტურისტი ჩამოვიდა.

ვიზიტორების რაოდენობა საქართველოში მზარდია, სამცხე-ჯავახეთში კი არც თუ ისე სახარბიელო მონაცემებია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ტურისტულ რეგიონში რამდენიმე წელია ვიზიტორების რაოდენობა სულ უფრო მცირდება.

2019 წლის 1-ელ კვარტალში, სამხრეთ საქართველოში ჩამოსული უცხოელების მხოლოდ 4.2% ესტუმრა. ასეთი ცოტა ტურისტი, 2014 წლიდან დღემდე, რეგიონს არც ერთ კვარტალში სწვევია.

რეგიონის და მუნიციპალიტეტების პირველი პირები ამბობენ, რომ სამცხე-ჯავახეთის ტურისტული პოტენციალი დიდია, ამიტომ რეგიონის შემოსავლის ერთ-ერთი წყარო სწორედ ამ სფეროს განვითარებაა. ამ მიზნით, სახელმწიფო რწმუნებულმა მოადგილე დანიშნა, რომელსაც ეს მიმართულება ჩააბარა. ზურა ხაჩიძე ამბობს, რომ რეგიონის პოპულარიზაციის მიმართულებით იმუშავებს. 

„პოპულარიზაცია სჭირდება ამ რეგიონს. მეტი პერსპექტივა და პოტენციალი აქვს ტურისტების მოსაზიდად, რეკლამირება კი ნაკლები აქვს“.
ამავე მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და USAID/Zrda-ს ინიციატივით, რეგიონული ა(ა)იპ „სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია“ შეიქმნა. ექვსივე მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი ორგანიზაციის მიზანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ტურიზმის განვითარების მოდელის შექმნის ხელშეწყობა და მისი პოპულარიზაციაა.

DMO-ს მუშაობა ჯერ არ დაუწყია. საკონკურსო კომისია თანამშრომლებს ახლა არჩევს. როგორ აისახება და რა შედეგს გამოიღებს ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლების ნაბიჯები, ეს სავარაუდოდ, ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ გამოჩნდება.

| Print |