საზოგადოება
ორფოლოს პოლიგონზე მრალეროვნული სწავლების დახურვის ცერემონიალი გაიმართა
დღეს, 9 აგვისტოს, ორფოლოს პოლიგონზე მრავალეროვნული სწავლების Agile Spirit 2019-ის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სწავლებაში მონაწილე ნატოს წევრი და პარტნიორი მონაწილე ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს და აშშ-ის არმიის ევროპის სარდლობას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მომავალში სწავლების მასშტაბის გაფართოება იგეგმება.

„ჩვენ უკვე წელს ვგეგმავთ მომავალი „მტკიცე სულის“ სწავლებების მასშტაბების გაფართოებას, რომელიც, როგორც სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობაში, ისე მის ფუნქციურ დატვირთვაშიც აისახება,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2019” 27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში მეცხრედ ჩატარდა. სწავლება სამ ლოკაციაზე - სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე იმართებოდა. წვრთნებში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იღებდა მონაწილეობას. წელს სწავლებაში 14 ქვეყანა იყო ჩართული: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, ბელგია, ბულგარეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

წლევანდელი სწავლების მიზანია მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება, ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწა და გაძლიერება მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს; მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების განვითარება ალიანსისა და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის; ასევე, შავი ზღვის რეგიონში სტაბილურ და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა.

| Print |