საზოგადოება
აფხაზეთის ომის დაწყებიდან 27 წელი გავიდა
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 27 წელი გავიდა. ეს დღე ახალციხეშიც გაიხსენეს. ომში დაღუპულთა მემორიალი ვეტერანებმა და ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა, გვირგვინებით შეამკეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ ომში დაღუპული 14 მებრძოლის ოჯახს, ერთჯერადად, ფულადი თანხა გადასცა. ზაზა მელიქიძის განცხადებით, თითოეულს 300 ლარი გადაეცა.

აფხაზეთის ომში სამცხე–ჯავახეთიდან დაახლოებით, 800 კაცი მონაწილეობდა, აქედან 37 მებრძოლი დაიღუპა.

საომარი მოქმედებები1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. შეტაკებები საქართველოს სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურ აფხაზთა ერთ ნაწილს შორის 13 თვე გაგრძელდა. ბრძოლა აფხაზეთის დაცემით – 1993 წლის 27 სექტემბერს დასრულდა.

სოხუმის დაცემას წინ უძღოდა რუსეთის მონაწილეობით მხარეებს შორის მოლაპარაკებები. 27 ივლისს ხელი მოეწერა სოჭის ხელშეკრულებას, რომელიც აფხაზურმა მხარემ ცალმხრივად დაარღვია, როდესაც ქართულ მხარეს აფხაზეთიდან გამოყვანილი ჰყავდა მძიმე სამხედრო ტექნიკა.

კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 30 000-მდე ადამიანი, 250 000-ზე მეტი პირი კი აფხაზეთიდან ლტოლვილი გახდა. 

| Print |