საზოგადოება
საქართველოში შესაძლოა ფასიანი გზების სისტემა შემოვიდეს
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ფასიან გზებთან დაკავშირებით კვლევა ჩატარდება და განისაზღვრება მონაკვეთები, სადაც მძღოლებს საფასურის გადახდა მოუწევთ.

„ფასიან გზებთან დაკავშირებით, რომელიც არის წარმატებული ქვეყნების გავრცელებული პრაქტიკა, ვმუშაობთ ამჟამად შესაბამისი კვლევის ჩასატარებლად, რომელიც გაგვცემს პასუხს, თუ რომელ მონაკვეთზე, რამდენი, როგორ, ვისზე უნდა გავრცელდეს ეს. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია ეტაპობრივად, სხვადასხვა მონაკვეთებზე და შემდეგ მთლიანად მაგისტრალზე, მოხდეს ამის განვითარება“, - განაცხადა ქარსელაძემ.

მისივე თქმით, დაფინანსების საკითხზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

„ჯერ გამოვლენილი არაა, კვლევას ვინ ჩაატარებს. საერთაშორისოს საფინანსო ინსტიტუტებთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მხარდაჭერის და დაფინანსების გამოყოფის კუთხით და როგორც კი ეს მოხდება, მყისიერად მზად ვართ, რომ შესყიდვის პროცედურა დავიწყოთ, კონსულტანტის შესარჩევად, რომელსაც ექნება ამ მიმართულებით გამოცდილება და ძალიან კონკრეტულ რეკომენდაციებს გასცემს როგორც სავარაუდოდ გამოსაყენებელ ტექნოლოგიებთან, მონაკვეთებთან, საფასურებთან მიმართებაში და დაგვეხმარება იმ გრძელვადიან გეგმის შემუშავებაში, რომლის ფარგლებშიც ეტაპობრივად მოხდება სხვადასხვა კატეგორიის ავტოტრანსპორტის ჩართვა ამ სისტემაში“, – აცხადებს ქარსელაძე.

ფასიან გზაზე გადაადგილების დროს, მძღოლებმა გარკვეულ ადგილებზე ავტომანქანა უნდა გააჩერონ და გზის გასაგრძელებლად ფიქსირებული თანხა გადაიხადონ. არსებობს გადახდის სხვადასხვა ფორმა, მათ შორის ელექტრონული, როდესაც საფასურის გადასახდელად სპეციალურ პუნქტებთან გაჩერება საჭირო არ არის.

მსოფლიოში არსებული პრაქტიკის მიხედვით, საფასური, რომელიც გზატკეცილებზეა დაწესებული, ახალი გზების მშენებლობის, არსებული გზის მოვლა-პატრონობის ან მის ასაშენებლად დახარჯული თანხების დასაფარად გამოიყენება. ამასთან, გზაზე დაწესებული საფასური შესაძლოა გაუქმდეს მას შემდეგ, რაც გზის აშენების ხარჯი დაიფარება.
| Print |