საზოგადოება
,,სექსუალური შევიწროების გამო, ქალებს ჯავახეთიც დაუტოვებიათ" - ნარინე გინოსიანი (ვიდეო)
ქალთა ორგანიზაცია ,,პაროსის“ ხელმძღვანელმა ახალციხეში გამართულ შეხვედრაზე ჯავახეთში არსებულ გენდერულ საკითხებსა და სექსუალური შევიწროების ფაქტებზე ისაუბრა. ნარინე გინოსიანმა სამოქალაქო და მედია სექტორს დახმარებისა და ქალური სოლიდარობისკენ მოუწოდა. მან ნინოწმინდაში არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქალთა უფლებები ჯავახეთში ხშირად ირღვევა.

ნარინე ამბობს, რომ ჯავახეთში, სექსუალური შევიწროვების ფაქტები ხშირია, თუმცა ისეთი ქალების უმრავლესობა, რომლებიც უარს ეუბნება მოძალადეს, მათ დიდ ნაწილს ან ოჯახები ენგრევათ, ან ჯავახეთის დატოვება იწევთ. ქალთა უფლებების დამცველი თავადაც გახდა ზეწოლის და სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი, რის გამოც აღნიშნულ თემაზე ხმამაღლა საუბარი გადაწყვიტა.

,,ქალზე ძალადობა ნინოწმინდის სოფლებში ხშირად ხდება. აქ, ძირითადად, ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა ცხოვრობს. ვცდილობდით ქალების დახმარებას, ამიტომ სოფლებში მოხალისეები გვყავდა, რომლებსაც ხელფასს ვუხდიდით, რომ შეეკრიბათ ქალები და შეხვედრები ჩაეტარებინათ, მაგრამ ქალებმა მალევე თქვეს უარი ასეთ შეხვედრებზე“, - ამბობს ნარინე გინოსიანი.

ქალთა უფლებების დარღვევის მთავარი მიზეზი ნარინეს აზრით, ისევ ქალური სოლიდარობის არარსებობაა. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცის, რაც ხდება ჯავახეთში, თავად ქალებს, დაზარალებული ქალისთვის ღია მხარდაჭერის გამოხატვის მაინც ეშინიათ. ქალთა ორგანიზაცია „პაროსის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ ზეწოლა ხშირია ოჯახის წევრებითაც.

„იყო შემთხვევები, რომ ქალმა უარი თქვა მისთვის მიუღებელ წინადადებაზე და სამსახურიდან გაათავისუფლეს. ასევე, მისი დაშინება ხდებოდა. მაგალითად, როცა ჩვენ ვხსნიდით საბავშვო ბაღს, ბევრი შემთხვევა იყო, როცა ცდილობდნენ ჩემი ქმრითა და ოჯახით ზეგავლენა მოეხდინათ ჩემზე“, – ამბობს გინოსიანი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 6 თვეში (იანვარი-ივნისი) ძალადობის მსხვერპლების დასაცავად 5399 შემაკავებელი ორდერი გამოიცა. შემაკავებელი ორდერების სიმცირე ავტომატურად არ ნიშნავს ნაკლებ ძალადობას - ეს უფრო ხშირად პოლიციისადმი მიმართვიანობაზე მეტყველებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის 6 თვეში პასუხისგებაში მიეცა 144 პირი, რაც ორდერების დარღვევის 3%-ია.
შემაკავებელი ორდერების გამოცემის რეგიონული მაჩვენებელი შემდეგია:

თბილისი - 2655
იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი - 563
ქვემო ქართლი - 477
კახეთი - 443
აჭარა - 428
შიდა ქართლი - 345
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 258
მცხეთა-მთიანეთი - 131
სამცხე-ჯავახეთი - 66
გურია - 33.
| Print |