საზოგადოება
ახალციხეში ბიომრავალფეროვნების შესახებ შეხვედრა გაიმართა
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, ბიომრავალფეროვნების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, ახალციხეში საინფორმაციო შეხვედა გამართა.

შეხვედრების პირველი ნაწილი გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების საკითხებს, მათ შორის, სამართლებრივი მარეგულირებელი ნორმების, რეგულირების პროცედურების, გარეულ ცხოველთა თავდასხმების გამომწვევი მიზეზებისა და პრევენციის ღონისძიებების გაცნობას დაეთმო. მეორე ნაწილში ყურადღება გამახვილდა ქვეწარმავლებზე, ეკოსისტემაში მათ როლსა და მნიშვნელობაზე. შეხვედრის მსვლელობისას მონაწილეებმა ექსპერტების დახმარებით ისწავლეს შხამიანი და არაშხამიანი გველების და მათი ნაკბენების ერთმანეთისგან გარჩევა მორფოლოგიური დაკვირვების მეთოდით და მიიღეს რჩევები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ქვეწარმავლების დანახვისას და კბენის შემთხვევაში.

შეხვედრებისას გამართული დისკუსიის დროს გამოიკვეთა გარეულ ცხოველებთან დაკავშირებული მუნიციპალიტეტებისთვის დამახასითებელი პრობლემური საკითხები, რაზეც მონაწილეებმა დარგის სპეციალისტისგან მიიღეს კონკრეტული რეკომენდაციები.


,,იმედი გვაქვს, რომ სოფლის რწმუნებულები მოსახლეობას ინფორმაციას გააცნობენ“ - ამბობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიო-მრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი ნუგზარ ღვალაძე.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ბიომრავალფეროვნების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გააგრძელებს შეხვედრებს მუნიციპალიტეტებში მთელი საქართველოს მასშტაბით.
| Print |