საზოგადოება
უმუშევრობის მაჩვენებელი ახალი მეთოდოლოგიით დაითვლება, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის მაჩვენებელს - საქსტატის დირექტორი
2020 წლის ბოლოს უმუშევრობის მაჩვენებლის ახალი მეთოდოლოგიით დათვლილ სტატისტიკას წარვუდგენთ საზოგადოებას,- ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა. ამით ის გამოეხმაურა ილიას სახელმწიფოს უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ხელმძღვანელის გიორგი აბაშიშვილის განცხადებას, რომელიც საქართველოში უმუშევრობის დონეს ეხება. 

გოგიტა თოდრაძის თქმით, იქმნება ყველა პირობა, რომ 2020 წლის ბოლოს ახალი მეთოდოლოგიით დათვლილი უმუშევრობის მაჩვენებელი იქნას გასაჯაროებული. მისივე განცხადებით, ცვლილება, რომელიც შევა მეთოდოლოგიაში, მნიშვნელოვნად შეცვლის უმუშევრობის მაჩვენებელს. 

ამასთან, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სწორად იქნას განმარტებული თუ ვინ ითვლება უმუშევრად. მან ის მეთოდოლოგია განმარტა, რის მიხედვითაც დღეს დასაქმებისა და უმუშევრობის სტატისტიკის წარმოება ხდება.

„ეს მეთოდოლოგია განმარტავს უმუშევრის კატეგორიას. უმუშევარი ეს არის 15 და უფრო მეტი ასაკის პირი, რომელიც არ მუშაობდა, თუნდაც ერთი საათითაც კი გამოკითხვის მომენტის წინა კვირაში, იმავდროულად ეძებდა სამუშაოს იმავე თვის განმავლობაში და მზად იყო მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მუშაობის დასაწყებად.

2018 წლის უმუშევრობის დონის მაჩვენებელი 12.7 %-ა.

ახალი მეთოდოლოგია ძირითადად გულისხმობს იმას, რომ თვითდასაქმებულებში, რომელთა წილიც მაღალი იყო დასაქმებულთა სტრუქტურაში, აღარ ჩაითვლებიან პირები, რომლებიც თავიანთ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში მიღებულ პროდუქციას უმთავრესად საკუთარი მოხმარებისთვის იყენებენ. სულ მცირე ეს შეცვლის უმუშევრის კატეგორიას და უმუშევრის რაოდენობასა და პროცენტულ მაჩვენებელს“, - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ. 

ცნობისთვის, ილიას სახელმწიფოს უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ხელმძღვანელის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საქართველოში უმუშევარი ადამიანების რაოდენობა რეალურად იმაზე მეტია, ვიდრე ამას სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები ასახავს.

"დათვლის არსებულ მეთოდს „როგორ მოვიტყუოთ თავი“ ჰქვია. ცხადია, იმისთვის, რომ უმუშევრობის პრობლემა მოვაგვაროთ, თავი არ უნდა მოვიტყუოთ,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
| Print |