საზოგადოება
როგორ ვუმკურნალოთ მორიელის ნაკბენს?
მორიელი უხერხემლოთა რიგის ობობასნაირთა კლასის წარმომადგენელია და ობობებსა და ტკიპებს ენათესავება.

მორიელის 500-ზე მეტი სახეობაა ცნობილი. ყველაზე დიდი მორიელი, იმპერატორი, რომელიც გვინეაშია გავრცელებული, სიგრძით 180 მმ-ს აღწევს, ყველაზე პატარას სიგრძე კი 13 მმ-ია. შეფერილობა ღია ყავისფერიდან შავამდე მერყეობს.

მორიელის სხეულის ძირითადი ნაწილი თავი და მკერდია. მუცელი დანაწევრებულია და ებმის ასევე დანაწევრებულ კუდს, რომელიც საოცრად მოქნილია და შეუძლია, მთელი სხეულის გასწვრივ მოიკეცოს. კუდის ბოლოზე მდებარეობს შხამიანი ჯირკვალი და ნესტარი, რომელსაც მორიელი თავდაცვისა და თავდასხმის დროს იყენებს. მორიელი მთელი დღე ფოთლებქვეშ ან ქვის ნაპრალებში იმალება, ღამით კი ნადირობს. ეს იმიტომ, რომ მისი მთავარი მსხვერპლი, ტარაკანა და ჭრიჭინა, ღამის ცხოვრებას ეწევიან.

დღისით მორიელი შესაძლოა ფეხსაცმელში ან ზურგჩანთაში დაიმალოს და ადამიანი სასიკვდილოდ დაკბინოს.

არსებობს მორიელის ორი ტიპის შხამი. პირველი ადამბლავებს და კლავს უხერხემლო ცხოველებს, ადამიანს კი არავითარ საფრთხეს არ უქადის, თუმცა ასეთი მორიელის ნაკბენი მეტად მტკივნეულია. მეორე ტიპის შხამი სასიკვდილოა. იგი ადამბლავებს გულის ნერვებსა და გულმკერდის კუნთებს, 7 წუთში კლავს ძაღლს და რამდენიმე საათში - ადამიანს. ამ შხამის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ბავშვები. ასეთი ტიპის შხამი რამდენიმე სახეობის მორიელს აქვს.

საბედნიეროდ, ისინი საქართველოში არ ბინადრობენ. საზოგადოდ, მორიელის შხამით სიკვდილის შემთხვევა საქა-რთველოში აღწერილი არ არის. თუ შხამიანი მორიელის მსხვერპლს დროულად გაუკეთდა შხამსა-წინააღმდეგო შრატი, გადარჩენის შანსი იზრდება. მორიელის ნაკბენი იწვევს მწვავე ტკივილს, რომელიც ზოგჯერ ნერვული ღეროს გასწვრივ ვრცელდება. ნაკბენი შეწითლებული და შეშუპებულია. ზოგჯერ ნაკბენის მიდამოში ჩნდება სეროზულ-სისხლიანი ბუშტუკები. ადგილობრივი სუსტი რეაქციის შემთხვევაში ზოგადი ინტოქსიკაცია შესაძლოა უფრო ძლიერი იყოს და პირიქით.

ზოგადი ინტო-ქსიკაციის ნიშნები განსაკუთრებით მკვეთრად აქვთ გამოხატული სკოლამდელი ასაკის ბავშვებს. ეს ნიშნებია საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, შემცივნება, ტკივილი გულის არეში, ქოშინი, გულის ფრიალი, ძილად მივარდნა, კიდურების კანკალი, ოფლიანობა, ნერწყვისა და ცრემლის დენა, ცხვირიდან ლორწოს უხვი გამოყოფა, ზოგჯერ - ბრონქოსპაზმი, სუნთქვის გაძნელება, ციანოზი, ტაქიკარდია და წნევის მატება, რომელიც ბრადიკარდიითა და ჰიპოტონიით იცვლება. შესაძლოა, მცირე ხნით ტემპერატურამაც მოიმატოს.

ინტოქსიკაცია კბენიდან 2-3 საათის შემდეგ ვლინდება და 24-36 საათს გრძელდება. ნაკბენის მიდამოში შეჰყავთ 1%-იანი ნოვოკაინის ხსნარი და ადებენ თბილ, ცხიმიან ნახვევს, რომელიც ტკივილს ამცირებს. ინტოქსიკაციას ამცირებს ატროპინის (0,1%-იან 0,5-1 მლ) და ერგოტამინის ერთდროული (და არა ცალ-ცალკე) შეყვანა კანქვეშ. ჩვენში სპეციფიკური შრატის გამოყენებას საჭიროდ არ მიიჩნევენ. 

ასევე, წაიკითხეთ:

ასპინძაში ბავშვს მორიელმა უკბინა
| Print |