საზოგადოება
"ჩემთან ერთად იბრძოდა ქალი, რომელმაც ქმარი პირველივე დღეს დაკარგა" - აფხაზეთის ომის მონაწილე
სოხუმის დაცემიდან 26 წელია გავიდა. 1993 წლის 27 სექტემბრიდან, აფხაზეთის რეგიონი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია აღარ არის. ახალციხეში სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი ვეტერანებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს.

„ახალგაზრდა გოგო იყო, სანიტარი, სოხუმელი მაია ლომიძე. იმ საზიზღარ ომში დაიღუპა, ორი შვილი დარჩა, ქმარი პირველივე შეტაკებისას დაეღუპა და არ გამოდიოდა ფრონტის წინა ხაზიდან“, - თანამებრძოლები გაიხსენა „თეთრი არწივის“ წევრმა გიორგი ლომიძემ.

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. 11 აგვისტოს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ვლადისლავ არძინბასთან შეთანხმების მიუხედავად, სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულ საქართველოს ეროვნულ გვარდიას,“აფხაზურმა გვარდიამ“ გადაადგილებისას წინააღმდეგობა ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში და ქალაქ სოხუმში გაუწია, რასაც აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა.

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.

აფხაზეთის ომში სამცხე–ჯავახეთიდან დაახლოებით, 800 კაცი მონაწილეობდა, აქედან 37 მებრძოლი დაიღუპა. მათ შორის იყო პაატა ნათენაძე - აფხაზეთის ომის პირველი მსხვერპლი.

ქართული მხარის ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა. აფხაზური მხარის მონაცემებით კი, დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი.

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლება „საქართველოზე გამარჯვებისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის დღეს“ ყოველი წლის 30 სექტემბერს აღნიშნავს.

| Print |