საზოგადოება
რატომ იკლავენ ახალგაზრდები თავს?
ახალგაზრდებში გახშირებული თვითმკვლელობისა თუ მცდელობების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ფსიქოლოგი მარიამ იველაშვილი თვითმკვლელობის მთავარ მიზეზად ნარკომანიასა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას ასახელებს.

,,მთავარი მიზეზი ღრმა დეპრესიაა, რაც სიხარულის მიღების უუნარობას იწვევს და შესაბამისად ",,ცხოვრებას აზრი აღარ აქვს". ნარკოდამოკიდებულება და ლუდომანია ერთ-ერთი ძირითადი გამომწვევია. გარდატეხის ასაკში კი ზედმეტად ემოციურობის გამო - თავს აიგივებენ შეყვარებულთან, რის გამოც შეურაცხჰყოფის მიყენების ან სხვა რამის დაკარგვის საშიშროების გამო თვლიან, რომ "ამის გარეშე ცხოვრებას აზრი არ აქვს. არც თუ იშვიათია სუიციდის შემთხვევები შეუმდგარი ცხოვრებისა და სოციალური პირობების გამო" - განმარტავს ფსიქოლოგი.

მარიამ იველაშვილი ამბობს, რომ ე.წ. ,,ლურჯი ვეშაპის" ანუ თვითმკვლელი თამაშის ფაქტით მისთვის არ მიუმართავთ, თუმცა მთავარ პრობლემად მაინც ნარკოპოლიტიკას ასახელებს.

,,თვითმკვლელობის ან მისი მცდელობის რიცხვი სამცხე-ჯავახეთშიც მნიშვნელოვნად გაიზარდა. ახლა ვმკურნალობ ორ ახალგაზრდას. ორივეს ჰქონდა სუიციდის მცდელობის რამდენიმე შემთხვევა. თვითმკვლელობაზე ფიქრი ხშირად იწყება მედიკამენტების თვითნებურად მიღებით, არასწორი დოზირებით, ასევე არასწორად დანიშნული მედიკამენტებითაც, ფსიქიკური აშლილობებით. სამწუხაროდ, ძალიან გაზრდილია რიცხვი, ან ახლა ვლინდება".

მარიამ იველაშვილის აზრით, დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე იმ ადგილებსა და ადამიანებს, ვინც ახალგაზრდებში აღფრთოვანებას იწვევს, რადგან ადამიანთა 45%-ს, ის საზოგადოება აყალიბებს, რომელშიც ცხოვრობს. ფსიქოლოგი იმასაც აღნიშნავს, რომ მოზარდებს ხელი ოჯახმა და გარემომაც უნდა შეუწყოს, რათა არ მოხდეს მათი განვითარების შეჩერება და ახალგაზრდებმა შეძლონ საკუთარი თავის პოვნა.

,,ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ რომ, არაფრით არ შეიძლება თუნდაც მსუბუქი ნარკოტიკული საშუალებების მიღება, განსაკუთრებით პატარა ასაკში. ისინი ღმერთის და ამ სამყაროს შვილები არიან და აუცილებლად არსებობს ისეთი ადამიანები მათ გარშემო, ვისაც ისინი ძალიან უყვარს და სჭირდებათ მათი არსებობა. მათ სიცოცხლეს ძალიან დიდი აზრი აქვს, რადგან ყველა ჩვენგანი ვიბადებით განსაკუთრებული მისიით, განსაკუთრებულები ვართ ჩვენი ნებისმიერი თვისებით, ქცევით, ქმედებით და არსებობით" - აღნიშნავს მარიამ იველაშვილი.


თვითმკვლელობა, განიმარტება, როგორც - საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა. თვითმკვლელობა შეიძლება გამოწვეული იყოს ბევრი მიზეზით, მათ შორის ყველაზე ხშირია დეპრესია, სირცხვილი, დანაშაულის განცდა, გაუსაძლისი ფიზიკური ტკივილი, ემოციური გადატვირთვა, აღელვება, ფინანსური პრობლემები და ა. შ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით ყოველწლიურად ერთ მილიონზე მეტი ადამიანი იკლავს თავს, და სიკვდილიანობის ყველაზე დიდი წილი მოზარდებსა და 35 წელს ქვევით ახალგაზრდებში, თვითმკვლელობაზე მოდის. დაახლოებით 10-20 მილიონი შემთხვევა კი, არასასიკვდილო შედეგით მთავრდება.
| Print |