საზოგადოება
ავტომობილებში საბავშვო სავარძლების გამოყენება შესაძლოა, სავალდებულო გახდეს
ავტომობილებში საბავშვო სავარძლების გამოყენება შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრებმა ეკა ბესელიამ და ზვიად კვაჭანტირაძემ საკანონმდებლო ინიციატივის წესით პარლამენტს უკვე წარუდგინეს.

პროექტის მიხედვით, 12 წლამდე და 135 სანტიმეტრამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანისას გამოყენებულ უნდა იქნეს სპეციალური საბავშვო ეტლი, სავარძელი ან დამჭერი მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება ბავშვის სიმაღლესა და წონას.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის თანახმად, რეგულაციები არ გავრცელდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე.

„საქართველოში საგზაო უსაფრთხოების პრობლემა საკმაოდ თვალშისაცემია, რასაც ადასტურებს ბოლო წლებში გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაზარალებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის მაჩვენებელი. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, სახელმწიფომ უზრუნველყოს ბავშვის უსაფრთხო გადაადგილება, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა", - აღნიშნავენ ინიციატორები.

მათი თქმით, ცვლილებები სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის კანონმდებლობასთან. პროექტის მომზადების დროს შესწავლილ იქნა ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება და სამართლებრივი რეგულაციები.

მათივე ცნობით, კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს დარგის სპეციალისტებმა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა.
| Print |