საზოგადოება
ერთ წელში, ხელისუფლების პიარსამსახურების ხარჯები 10%-ით გაიზარდა - "გამჭვირვალობა"
2017-2018 წლების პერიოდში ხელისუფლების მიერ პიარსამსახურების თანამშრომლების რაოდენობა და მათი ანაზღაურებისთვის ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯები კვლავ მაღალია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ამჯერად 2017-2018 წლების მონაცემები გამოაქვეყნა. გასულ წელს ჩატარებული კვლევისას, ორგანიზაციამ მონაცემები 133 უწყებიდან გამოითხოვა, წელს კი 216-დან, აქედან პასუხი 194-მა უწყებამ დაუბრუნა, საიდანაც რამდენიმეს ინფორმაცია არაზუსტი იყო.

კვლევის მთავარი მიგნებები
  • საჯარო უწყებების საზოგადოებასთან/მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 2018 წელს, წინა წელთან შედარებით დაახლოებით, 4%-ით არის გაზრდილი. 2017 წელს 194 უწყების პიარსამსახურში დასაქმებული იყო 996 თანამშრომელი, ხოლო 2018 წელს - 1 037.

  • 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, პიარსამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურება (ხელფასი, პრემია, ბონუსი, დანამატი) დაახლოებით, 2 მილიონ ლარამდე არის გაზრდილი, რაც, 10%-მდე ზრდას წარმოადგენს. (2017 წელს 194 უწყების პიართანამშრომელთა ანაზღაურებამ, საერთო ჯამში, 18 111 258 ლარი შეადგინა, 2018 წელს კი - 20 047 896 ლარი).

  • 2013 წლიდან დღემდე ყოველწლიურად იზრდება საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა და მათი ანაზღაურებისთვის დახარჯული თანხა.

2013-2018 წწ. პიარსამსახურში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა და მათი ანაზღაურება

2013 წლიდან 2018 წლის ჩათვლით პიარსამსახურში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა და ანაზღაურება მზარდია, მსგავსი ტენდენცია ნარჩუნდება 2017-2018 წლებში.

მაქსიმალურად ზუსტი შედარებისთვის ცხრილში მოცემულია იმ 133 უწყებიდან გამოთხოვლი მონაცემი, რომელიც ორგანიზაციამ 2018 წელს გამოქვეყნებული კვლევისას გამოიყენა.

ყველაზე მეტი - 73 თანამშრომელი, მედიასთან/საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროშია დასაქმებული, მას თავდაცვის სამინისტრო მოსდევს.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დასაქმებულთა 2018 წლის ათეული ასე გამოიყურება:

*ათეული მოცემულია 194 უწყებიდან

პიარის თანამშრომელთა ანაზღაურებაში ყველაზე მეტ თანხას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ხარჯავს, მას ცოტათი ჩამორჩება საქართველოს პარლამენტი და შინაგან საქმეთა სამინისტრო.

*ათეული მოცემულია 194 უწყებიდან

კვლევაში შესულია ხელისუფლების სამივე შტოს - საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო უწყებების, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სსიპ-ების მონაცემები. შედეგები მოიცავს როგორც შტატიან, ისე ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობას.
| Print |