საზოგადოება
მერაბ კოსტავას გარდაცვალებიდან 30 წელი გავიდა
დღეს, 13 ოქტომბერს, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, ქართველი დისიდენტის, მუსიკათმცოდნეს, პოეტის, საზოგადო მოღვაწის, საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა. 

1989 წლის 13 ოქტომბერს, ქუთაისიდან თბილისისკენ მიმავალი კოსტავა, ბორითთან ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ის დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერმა მერაბ კოსტავამ ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან დაიწყო არალეგალური ანტისაბჭოთა საქმიანობა, მის თანატოლებთან ერთად დააარსა ორგანიზაცია ,,გორგასლიანი", რომლის სახელსაც უკავშირდება ცნობილი ანტისაბჭოთა პროკლამაციები: ,,გახსოვდეთ სისხლიანი 9 მარტი".

70-იან წლებში მერაბ კოსტავა აქტიური დისიდენტური საქმიანობით გამოირჩეოდა, რის გამოც მუდმივად განიცდიდა დევნას საბჭოთა ხელისუფლებისგან.

მერაბ კოსტავა ანტისაბჭოთა პროპაგანდისტული საქმიანობისთვის 1977 წელს დააპატიმრეს და შორეულ რუსეთში გადაასახლეს.

1987 წელს გადასახლებიდან დაბრუნებული კოსტავა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებთან ერთად, აქტიურად იწყებს ბრძოლას საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. იმ პერიოდისთვის მერაბ კოსტავა იყო უპირობო ავტორიტეტი და ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.
| Print |