საზოგადოება
კრაზანის ნაკბენისგან მამაკაცი გარდაიცვალა
ქობულეთში, სოფელ შუაღელეში 57 წლის მამაკაცი კრაზანამ დაკბინა, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ოჯახის ახლობლები ყვებიან, რომ მამაკაცი ნალიაში ავიდა, სადაც ბაზებს ბუდე ჰქონდათ გაკეთებული. უკან ჩამოსულმა კი თქვა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა. მწერმა მას რამდენიმე ადგილას უკბინა.

ბოლო პერიოდში მოქალაქეები საცხოვრებელი სახლების ახლოს, ბაზებისა და კრაზანების სიმრავლეს უჩივიან. გახშირდა დაკბენის შემთხვევებიც. მოსახლეობა მწერს საკუთარი ძალებით ებრძვის. გარდაცვლილის ახლობლები ყვებიან, რომ სოფელში, მწერებს თითქმის ყველა ეზოში აქვთ ბუდე, რაც ძალიან საშიშია.

რამდენიმე კვირის წინ, შუახევის ერთ-ერთი სკოლის ეზოში ბაზმა მოსწავლე თავის არეში დაკბინა. მას სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაუწიეს. ცნობილია, რომ ბაზის ნაკბენი საგანგაშოა ალერგიული ადამიანებისთვის. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, ფატალური შედეგი დადგეს.

ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ მწერების შხამ-ქიმიკატებით შეწამვლის პროგრამა მუნიციპალიტეტში არსებობს, მომსახურება კი ფასიანია.

ბაზებისა და კრაზანების საწინააღმდეგო პროგრამა არც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს, თუმცა ამბობენ, რომ კრაზანების შესახებ შეტყობინება სამინისტროში წელს დაფიქსირდა.

| Print |