საზოგადოება
ქვაბისხევის საჯარო სკოლა ზამთარს გათბობის გარეშე ხვდება

 

78 წლის დორა ყოროშვილი ზამთრისთვის მზადებას აგვისტოდან იწყებს. სოფელში დაპირებულ გაზიფიცირებას წლებია ელოდება, თუმცა უშედეგოდ. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, შვილებს ქალაქ რუსთავში არ გაყვა და ცდილობს მამაპაპისეული კერა არ მიატოვოს. დორა ყოროშვილის მთავარი პრობლემა ტყიდან შეშის გამოსატანად გვიან გაცემული ბილეთი და ხალხის ინტერესების გათვალისწინების გარეშე მიღებული კანონმდებლობაა.

ბორჯომის სოფელ ქვაბისხევის საჯარო სკოლა ამ ზამთარსაც შეშის ღუმელით გათბება. 27 მოსწავლისთვის შენობაში 11 ღუმელი უკვე დადგეს.

ადმინისტრაცია ამბობს, რომ გათბობისთვის 2 400 ლარის, დაახლოებით 30 კუბური მეტრი საშეშე მერქანი სჭირდებათ, თუმცა საკლასო ოთახები სათანადოდ მაინც ვერ თბება, რაც ხშირად სასწავლო პროცესს ხელს უშლის.

,,ძალიან რთულია, ღუმელით გათბობა კომფორტულიც არ არის. ოდნავ ნიავზეც კვამლავს ოთახში. ერთადერთი ალტერნატივა არის ბუნებრივი აირი, თორემ დენით გათბობა უფრო ძვირი დაჯდება“, - ამბობს ქვაბისხევის საჯარო სკოლის დირექტორი ხათუნა მაისურაძე.

სკოლის გათბობისთვის ღუმელი ოქტომბრიდან აპრილამდე უნთიათ.

,,საკმაოდ ძლიერი ყინვებია, საკლასო ოთახებიც არ არის მცირე ზომის და ნორმალურად ვერც გვათბობს“, - ამბობს სკოლის დირექტორი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის 34 სოფლიდან 10 სოფელი გაზიფიცერებული არ არის, მათ შორის ქვაბისხევიც. სოფელს არც მაღალმთიანის სტატუსი აქვს, შესაბამისად, 15 კუბური მეტრის ნაცვლად, მოსახლეობას მხოლოდ 7 კუბური მეტრი შეშა ეკუთვნის.

ეროვნულ სატყეო სააგენტოში ამბობენ, რომ სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, 55 ათასი კუბური მეტრი ტყე-კაფია გამოყოფილი.

,,ეს არის ის რაოდენობა, რაც მოსახლეობას სჭირდება იმისათვის, რომ ზამთრისთვის მოიმარაგოს კანონდებლობით დადგენილი რაოდენობა - 7 კუბამეტრი დაბალ ზონაში და 15 კუბამეტრი მაღალ ზონაში“, - ამბობს - ეროვნული სატყეო სააგენტოს უფორსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი.

ეროვნულ სატყეო სააგენტოში ამბობენ, რომ ბოლო წლებში უსისტემო ჭრების გამო, ტყეების მდგომარეობა აღარ იძლევა საშუალებას, რომ ტყე-კაფები სოფელთან ახლოს გამოიყოს. ნათია იორდანაშვილის თქმით, განსაკუთრებით მძიმე ვიტარებაა იმ ტყეებში, რომლებიც სოფლებთან მდებარეობს.

,,ჩვენ გვესმის მოსახლეობის, რომ ეს აძვირებს ხარჯებს. ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ეს არის გზების, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რომ ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. ეროვნული სატყეო სააგენტო ყოველწლიურად სატყეო სამეურნეო გზების შეკეთებასაც ახორციელებს. წელს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 15 კმ. გზა უკვე მოწყობილი და რეაბილიტირებულია ოთხივე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და ეს სამუშაოები წლის ბოლომდე გაგრძელდება“, - გვითხრეს სააგენტოში.

უწყებაში ამბობენ, რომ იგეგმება მაღალმთიანი სოფლების სიის გადახედვაც.

„სოფელი მკაცრი კლიმატური პირობების გამო, შეიძლება გავიყივანოთ მაღალი მთის ზონაში. იგეგემება ამ სოფელების სიის გადახედვა“, - ამბობს ნათია იორდანიშვილი.

დორა ყოროშვილი წუხს, რომ საწვავად ან ღობის შესაკეთებლად ტყიდან გამოტანილი შეშის გამო, სოფლის მოსახლეობის უმრავლესობა დაჯარიმებულია. ვიდრე კანონმდებლობა შეიცვლება ქვაბისხევში ისევ შეშით მოუწევთ სუსხიანი ზამთრის გატარება.
| Print |