საზოგადოება
"მესაქონლეობის ექსპო 2019-ის" ფარგლებში გამოფენა მოეწყო
26 ოქტომბერს 12:00 საათზე, ,მესაქონლეობის ექსპო 2019" - Cattle Expo პირველი ადგილობრივი გამოფენა მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო 19 ადგილობრივი ფერმის სხვადასხვა ჯიშის საქონელი და დარგის ადგილობრივი კომპანიები, ფერმის ორმოცდაათამდე მეწველი ფური, დეკეული და ხბო ექსპოს პოდიუმზე ერთმანეთს შეეჯიბრა.


„მესაქონლეობის ექსპო“ 2019-ის მიზანია საქართველოში რძისა და ხორცის სექტორებში კონკურენტუნარიანობის განვითარების ხელშეწყობა. კერძოდ, მაღალპროდუქტიული გენეტიკის მქონე მსხვილფეხა საქონლის და ადგილობრივი სელექციური ჯიშების პოპულარიზაცია და მათ მოშენებისთვის ინვესტიციების წახალისება,რაც აუცილებელია ქართული რძისა და ხორცის სექტორების მიმართ მომხმარებლის ნდობის მოსაპოვებლად და მათი შემდგომი განვითარებისთვის. „მესაქონლეობის ექსპო“ 2019 ამ ტიპის ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ მსხვილფეხა საქონლის მფლობელი ფერმერები და რძის მწარმოებლები გახდნენ უფრო მეტად კონკურენტუნარიანები და ბაზარზე ორიენტირებულები.

მსხვილფეხა საქონლის გამოფენა-შეჯიბრის პარალელურად, ვიზიტორ ფერმერებს შესაძლებლობა მიეცათ  დარგის თანამედროვე ტექნოლოგიებს და ძირითადი საშუალებების მიმწოდებლებს გაცნობოდნენ, მათ შორის, მესაქონლეობისათვის საჭირო ტექნიკას და პროდუქციის წარმოებისთვის სხვა დამხმარე საშუალებებს, რომლებიც გამოფენილი იქნება ოცდათხუთმეტ სტენდსა თუ საინფორმაციო დახლზე.

გარდა ამისა, ექსპოზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ადგილობრივი ნედლი რძისგან წარმოებული რძის პროდუქტები და მიეღოთ ინფორმაცია რძის პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებლების შესახებ.

სამცხე-ჯავახეთიდან შეჯიბრში მონაწილეობას ფერმერი მარტინ ცარეკიანიც იღებდა, რომლის მეურნეობაც ნინოწმინდის სოფელ ეფრემოვკაში მდებარეობს.

ფოტო:მაკა სხვიტარიძე
| Print |