საზოგადოება
15 ნოემბერი საბჭოთა ხელისუფლების მიერ მუსლიმი მესხების დეპორტაციის დღეა

 

საბჭოთა ხელისუფლების მიერ მუსლიმი მესხების დეპორტაციიდან 75 წელი გავიდა. 1944 წლის ნოემბერში, მესხეთში მცხოვრები მთელი მაჰმადიანი მოსახლეობა (100 000 კაცი), იძულებით აყარეს თავიანთი სახლებიდან და პირუტყვის გადასაყვანი ვაგონებით გაუყენეს შუა აზიის გზას.  გზაში რთულ პირობებს ყველამ ვერ გაუძლო და დაახლოებით, 17 000 მუსლიმი დაიღუპა.

ისტორიკოსების თქმით, გადასახლების მიზეზი სტალინის შიში იყო, რომელიც თვლიდა, რომ თურქეთთან ომის შემთხვევაში, მუსლიმი მესხები მათ მხარეს დაიჭერდნენ. 

1945 წელს, მესხეთიდან დეპორტირებულ მაჰმადიანთა სახლებში, საბჭოთა ხელისუფლებამ ასევე იძულებით ჩაასახლა 30 ათასამდე ქრისტიანი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

მესხების წარმომავლობის საკითხზე მეცნიერებს შორის, განსაკუთრებით - თურქ და ქართველ მეცნიერებს შორის, აზრთა სხვადასხვაობაა. ქართველი მეცნიერების უმრავლესობის აზრით, მესხეთის მუსლიმი მოსახლეობა თავდაპირველად ქრისტიანი იყო და მიეკუთვნებოდა ქართულ ტომს - მესხებს. ამ მოსაზრების მიხედვით, XVI საუკუნეში ოსმალების მიერ ამ რეგიონის დაპყრობის შემდეგ დაიწყო მასობრივი ისლამიზაციის პროცესი. ეს კულტურული ტრანსფორმაცია საუკუნეების განმავლობაში გაგრძელდა და მესხი მოსახლეობის უმრავლესობამ მაჰმადიანური სარწმუნოება მიიღო.

რაც შეეხება თურქი მეცნიერებისა და რამდენიმე მესხი ლიდერის მოსაზრებას, ისინი თვლიან, რომ მესხეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ეთნიკური თურქი იყო და თავიდანვე მაჰმადიანურ სარწმუნოებას აღიარებდა. თუმცა, მათზე იგრძნობოდა ქართული კულტურისა და ტრადიციების გავლენა.
| Print |